რეგიონებში ბრენდული სასტუმროების სუბსიდირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ლაშა პაპაშვილი
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, რომელიც სასტუმროებს თბილისში, კახეთსა და ბათუმში ფლობს, აბასთუმანში კი 2 სასტუმროს აშენებს, ხელისუფლებას ბრენდული სასტუმროების სუბსიდირებას სთხოვს. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც „რედიქსის“ დამფუძნებელმა BAG-ისა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრაზე გააჟღერა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ რეგიონებში ბრენდული სასტუმროების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ თხოვნით პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს მიმართავს.
„მე მაინტერესებდა ბრენდული სასტუმროების სუბსიდირებაზე თუ აქვს სახელმწიფოს რაიმე ახალი პროექტი, იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად აღარ აფინანსებენ. პასუხი იყო, რომ მზადდება პროექტი, მთავრობაში ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს და სიახლე უახლოეს დროში გაცხადდება. ეს რეგიონებში მდებარე ბრენდულ სასტუმროების სუბსიდირებას ეხება, რომლების გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. [სამინისტროს წარმომადგენლებს ხელშეწყობის] დეტალები არ უთქვათ, თუმცა ამაზე საუბარი არის. თხოვნაა, რომ როგორც პრემიერმა ასევე ფინანსთა მინისტრმა მაქსიმალურად გაითვალისწინონ, რომ ეს ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სტუმრების ნაკადები იზრდება და რეგიონებში პრაქტიკულად ბრენდირებული სასტუმროები არ გვაქვს. თბილისშიც შეიძლება დაემატოს, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებში… აბასთუმანში 2 სასტუმროს ვაშენებთ. მე ვიქნები თუ სხვა ბრენდირებული სასტუმროების მშენებლობა უნდა წახალისდეს“, – ამბობს პაპაშვილი.
ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირების აუცილებლობაზე საუბრისას პაპაშვილი განმარტავს, რომ სტატისტიკურად ტურისტული ნაკადი გაზრდილია, თუმცა საქართველოს ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ, რომლებიდანაც მიღებული შემოსავალი ბიზნესს არ ჰყოფნის, სასტუმრო ბიზნესი კი გრძელვადიან, მოცულობით ინვესტიციებს საჭიროებს.
„სტატისტიკურად ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება, თუმცა ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი შემოდის მაინც, 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში 70-80 დოლარს რომ გადაიხდის სტუმარი, არაფრისთვის გყოფნის, ამიტომ სახელმწიფოს ხელშეწყობა დარგისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 20-25-წლიანი ინვესტიცია ეს მოკლევადიანი ამოსაღები თანხა არ არის, რადგან ქონების განვითარება დღეს მსოფლიოში არსებული სტანდარტებითა და მოთხოვნები ძალიან დიდი სიამოვნებაა თავისი კონდიცირებით, ვინტილაციით, სხვა სისტემებით და პრაქტიკულად 25-წლიანი ფულის შოვნა ჩვენს რეგიონში ძალიან ძნელია“, – განმარტა პაპაშვილმა.
BM.GE-ის კითხვაზე – საკმარისი იქნება თუ არა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ბრენდული სასტუმროების სუბსიდირება, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში საქმიანი ტურიზმიც მნიშვნელოვნად შემცირებულია, ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს მოთხოვნა კომპლექსური საჭიროებების მხოლოდ ნაწილია.
„MICE ტურიზმის მოზიდვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს – დიდი საკონფერენციო და სარესტორნე დარბაზები, რაც ქვეყანაში არ არის. მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვისთვის მთელი რიგი მომენტებია საჭირო მარტო სასტუმრო არ შველის. მას სხვა უამრავი ინფრასტრუქტურა სჭირდება – ეს არის მაღალი კლასის ფრენები, სარესტორნე ინდუსტრია, სპა ინდუსტრია, “ბიუთი სალონები” და ა.შ. – ეს უნდა განვითარდეს, რაც ძალიან მაღალ და გრძელვადიან ინვესტიციას ითხოვს. ესენი უნდა დაფინანსდეს, ამიტომ ვითხოვ, რომ რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია სასტუმროს ნაწილი მაინც დაფინანსდეს, რადგან ამას კვალიფიკაციური კადრები სჭირდება… ბოლოს უკიდურესად მნიშვნელოვანია კვება, ჩვენ რომ გვქონდა [რძის] სკანდალი, ეს ანგრევს ინდუსტრიას, რომელსაც 10 წელია ვავითარებ“, – აღნიშნა მან.