დღეის მონაცემებით, ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების [რეზერვების] ოდენობას ბევრად ვაჭარბებთ,- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში განაცხადა, სადაც IMF-ის მისიის შემაჯამებელი ბრიფინგი მიმდინარეობს.
მან რეზერვების გარდა ისაუბრა ინფლაციაზეც და აღნიშნა, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული. ამასთან, თურნავამ ყურადღება ფინანსურ სტაბილურობასა და ლარიზაციის პოლიტიკაზე გაამახვილა.
“მოგეხსენებათ, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების დონის სტაბილურობას. 2023 წლის შემდეგ, ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ 3%-იანი მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. 2023-2024 წლების საშუალო ინფლაციამ 1.8% შეადგინა. მაისის მდგომარეობით 3.5% შეადგინა, რაც ასევე ჩვენს პროგნოზს შეესაბამება და ახლოსაა მიზნობრივ დონესთან. სავალუტო ფონდის პროგნოზიცაა, რომ წელს გარკვეულწილად 3.4%-ის დონეზე დარჩება საშუალოდ და 2026 წელს უფრო დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს. მთლიანობაში, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ნარჩუნდება ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ.
მეორე ამოცანა, რომელიც ეროვნული ბანკის წინაშე დგას, არის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისითაც შეფასება დადებითია, თუმცა იმის გათვითცნობიერებაც არის, რომ სამუშაო არის სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ასეთი ჯანსაღი მდგომარეობა საფინანსო სექტორში. საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც იმედს გვაძლევს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობების პირობებში, სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს.
ასევე, IMF-ის დასკვნაში არის აღნიშნული ჩვენი ძალისხმევა ლარიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის განეიტრალებას. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის ე.წ. არაჰეჯირებული სესხები. იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი და ჩვენს მოსახლეობაზე, საფინანსო ბაზარზე მისი ზემოქმედება შევამციროთ, ვაგრძელებთ თანმიმდევრულ ლარიზაციის პოლიტიკას.
ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საერთაშორისო რეზერვების შევსების აუცილებლობა, ეს ამოცანა არის და კვლავაც დარჩება ჩვენს მთავარ ამოცანად, რათა გავზარდოთ ადეკვატურობის დონე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს შექმნილმა ხელსაყრელმა პირობებმა, კერძოდ, ძლიერმა სავალუტო შემოდინებებმა, სებ-ს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი ოდენობით დაებალანსებინა უცხოური ვალუტის გაყიდვები, რისი განხორციელებაც ჩვენ შარშან შემოდგომაზე მოგვიხდა. დღეის მონაცემებით, ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების ოდენობას ბევრად ვაჭარბებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”,- განაცხადა ნათია თურნავამ.