„სიღარიბის დაძლევა ცალსახად ხმამაღალი შეფასებაა“ – ასე გამოეხმაურა მარიამ ჯანიაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომიკის სამინისტროს შეფასებას იმის თაობაზე, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონის 9.4%-მდე შემცირებით, „შარშან სიღარიბეს თავი 90 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“.
მისი შეფასებით, შარშანაც აბსოლუტური სიღარიბის დონე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შემცირდა არა – მთავრობის ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შედეგად.
მარიამ ჯანიაშვილის განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბის დონის 9.4%-მდე შემცირება ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს საკვებსა და მინიმალურ საარსებო პირობებზე წვდომა აქვს, მაგრამ „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბები აღარ არიან“.
„ეს არის, ფაქტობრივად, ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი დგას შიმშილის და ფიზიკური გადარჩენის რისკის ქვეშ… ზოგადად, სიღარიბის კონცეფცია გაცილებით ფართოა, ვიდრე ის, გქონდეს წვდომა კვების მინიმალურ კალორაჟსა და ელემენტარულ სერვისებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ შარშან [90 000-მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე], ეს თავისი შინაარსით მთლად შესაბამისი არაა სიღარიბის იმ კონცეფციასთან, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით არის განმარტებული. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია, უფრო ნაკლები ადამიანი შიმშილობს და არის ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე, მაგრამ მეორე მხრივ, სიღარიბის დაძლევა ცალსახად ხმამაღალი შეფასებაა, რადგან ეს არანაირად არ აბათილებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, სადაც წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ“, – აღნიშნა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარმა.
ინფორმაციისთვის: საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის განმარტებითაც, აბსოლუტური სიღარიბეს ამცირებს ნებისმიერი სახის შემოსავალი – ეს იქნება სოციალური დახმარება, ხელფასი, დაქირავებით დასაქმება, გზავნილები თუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება – მოკლედ, ნებისმიერი წყაროდან მიღებული შემოსავალი და შემდეგ დაგენერირებული ხარჯები დადებითად მოქმედებს სიღარიბის დონის შემცირებაზე ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ რომ საქსტატი სიღარიბის შემცირების მიზეზებს იმის მიხედვით არ ითვლის – სოციალური დახმარებების გამო ამოვიდა პირი სიღარიბიდან, თუ თავისი შრომით დააგენერირა შემოსავალი.
„ოფიციალური რიცხვები ვერ გვეუბნება და ვერ გვიჩვენებს იმ მძიმე ყოფას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. როგორც გითხარით, არსებული მეთოდოლოგიით, ძალიან ბევრი ადამიანი გამორიცხულია აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკიდან. დიახ, საქსტატი აბსოლუტურ სიღარიბეს საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლის, მაგრამ მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღარიბეს გაცილებით ფართო კონტექსტი გააჩნია, ვიდრე აბსოლუტურ სიღარიბეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკაშია აღრიცხული“, – განაცხადა მარიამ ჯანიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად სიღარიბის სრული სურათის შეფასების სირთულისა, ცალკეული სტატისტიკური მონაცემებიდან სიღარიბის მასშტაბი მაინც ჩანს.
„როგორც ვიცით რეკორდულ ნიშნულამდეა გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი – 701 000-ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, რაც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ადამიანები მინიმალურ გასაცემლებს იღებენ სახელმწიფოსგან და არ ხვდებიან აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.
რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, რა შეიძლება „იჭერდეს“ შინამეურნეობებს იმისთვის, რომ აბსოლუტურის სიღარიბის ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ მოხვდნენ. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს გასაცემლები – მათ შორის პენსიაც; ასევე, ე.წ. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, სადაც ხელფასი 300 ლარამდეა და 200 000-ზე მეტი პირია ჩართული [თუ 5-სულიანი ოჯახიდან ერთი პირი მაინც არის დასაქმებული, ითვლება, რომ პროგრამაში 5 პირია ჩართული];
ამდენად არსებული სოციალური სისტემიდან გამომდინარე, ძალიან ნათელია, რომ 300-ლარიანი ანაზღაურების და სხვა ფინანსური გასაცემლების ხარჯზე ფორმალურად არ მოხვდნენ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა კარგია“, – განაცხადა მარიამ ჯანიაშვილმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ოფიციალური სტატისტიკა ვერ ხედავს ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელიც გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვის“.
„წერტილი უნდა დაესვას იმგვარ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას ვერ უქმნის“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარმა.