რესტორანი “ბანგკოკი” გაფართოებას გეგმავს

რესტორანი “ბანგკოკი” გაფართოებას გეგმავს

რესტორანი „ბანგკოკი“ 2025 წელს გაფართოებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, მაგდა მაკარაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

როგორც მაკარაძე განმარტავს, კომპანიის გაფართოება აზიური სამზარეულოს მზარდ მოთხოვნაზე პასუხია. ბრენდი 9 წლის წინ დაარსდა და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აზიური სწრაფი კვების ქსელია საქართველოში. “ბანგკოკი” იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოს აერთიანებს და გამოირჩევა მენიუთი, რომელიც ქართულ გემოვნებაზეა მორგებული.

ამჟამად ბრენდს თბილისში 4 ფილიალი აქვს და წლის განმავლობაში კიდევ ერთი – მეხუთე ფილიალის გახსნას აპირებს. ივნისის დასაწყისში ავლაბრის ფილიალის ამოქმედებაა დაგეგმილი, სადაც ისნის ფილიალი გადავა. პარალელურად, ისნის ობიექტზე წარმოების გაფართოება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გაფართოების პროცესში აქტიურადაა ჩართული TBC ბანკი, რომელიც, როგორც გენერალური მენეჯერი ამბობს, პანდემიის პერიოდიდანვე კომპანიას ფინანსური გამოწვევების გადასალახად და ახალი პროექტების მხარდასაჭერად მხარში უდგას. მაკარაძე აღნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპი საწარმო-საწყობის მშენებლობაა, რაც ცენტრალიზებულ ლოგისტიკას და კიდევ უფრო ეფექტიან ოპერირებას გულისხმობს.

„საწყობი და საწარმო დედაქალაქში იქნება განთავსებული. ამ ეტაპზე, შესაბამის მიწის ნაკვეთს ვეძებთ და ამ მიმართულებითაც TBC-ის იმედი გვაქვს,“ – განაცხადა მაკარაძე.

გარდა დედაქალაქისა, კომპანიას გეგმები აქვს რეგიონებში, ხოლო შორეულ პერსპექტივაში – ევროპის ბაზარზე გასვლაზეც.

ამ დროისთვის კომპანია 120-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და გაფართოების პარალელურად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც გეგმავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *