რით აიხსნება, როდესაც ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ვაკანსიები მცირდება? – მედეა ტაბატაძის ანალიზი
საკონსულტაციო და რეკურტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ PMCG-ის დასაქმების თრექერის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შრომის ბაზარი შენელდა ანუ წელს, პირველ კვარტალში jobs.ge-ზე ვაკანსიები 15.7%-ით შემცირდა.
მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ ვაკანსიების რაოდენობის კლება გაგრძელდება როგორც საქართველოში, ისე გლობალურად და თავისი პროგნოზის გასამყარებლად ორი ფაქტორი მოიყვანა.
„არაა სასიხარულო ინფორმაცია, მაგრამ ვაკანსიები კიდევ უფრო შემცირდება და ამის საკმარისი ობიექტური ფაქტორები არსებობს: პირველი – არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე – სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც საქართველოს დასაქმების ბაზარზეც ახდენს გავლენას. ვინაიდან გლობალური დასაქმების ბაზრის ნაწილი ვართ, გლობალური ტენდენციები ჩვენთანაც შემოდის; შეიძლება, უბრალოდ მკაფიოდ არ ჩანს ან ყურადღება არ ვაქცევთ“, – აღნიშნა საკონსულტაციო და რეკურტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა.
ამასთან, ვაკანსიების კლების მიზეზებზე საუბრისას, მედეა ტაბატაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ვაკანსიების შესახებ რაოდენობრივი კვლევის ჩატარებისას მკვლევრები ყურადღებას მიაქცევენ სხვადასხვა პროფესიული წყაროს, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.
„ამას გარდა, არსებობს ისეთი ვაკანსიებიც, რომელზედაც შეიძლება საჯაროდ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყოს“, – ამბობს ის.
რით აიხსნება, როდესაც ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ვაკანსიები მცირდება? – ჰკითხა „წერტილის წამყვანმა Insource-ის მმართველმა პარტნიორს.
„საინტერესო პერიოდია დასაქმების ბაზარზე… იცით, თუ ასე შევხედავთ საკითხს, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად სამუშაო ადგილები უნდა გაიზარდოს, ასე აღარ იქნება. შეიძლება, შემცირდეს კიდეც, მაგრამ მარტო ჩვენთან არა – გლობალურად“ – პასუხობს მედეა ტაბატაძე და იქვე დასძენს, რომ პანდემიის შემდეგ პერიოდში, ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ბიზნესები ახალი ვაკანსიების გაჩენას სიფრთხილით ეკიდებიან.
– პანდემიამ ჩვენს ქცევაში დატოვა კვალი, რომ შეიძლება გარემო არასტაბილური იყოს, ამიტომ ბიზნესი თავს იკავებს დამატებითი ხარჯების აღებისგან ანუ ახალი თანამშრომლების დაქირავებისგან… გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ [2023 წლის ინტერვიუში], თანამშრომლებს როგორ უნდა მოუარონ დამსაქმებლებმა და ა.შ. ახლა რა მოცემულობა გვაქვს? – სხვადასხვა ტიპის ბიზნესი დიდად არ აკეთებს ინვესტიციას თანამშრომლების დაქირავებაში და ამჯობინებენ, არ გამოაცხადონ ვაკანსია და აქცენტი გააკეთონ არსებული თანამშრომლების განვითარებაში. მოკლედ, არჩევენ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ. ამდენად, ის, რაც თქვენ ახსენეთ ანუ რას ნიშნავს, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ხოლო ვაკანსიები მცირდება, არის თანამედროვე პერიოდის პარადოქსი, რომელიც არა მარტო ჩვენთან შეინიშნება, არამედ – გლობალურად.
– შესაძლებელია, განვითარებულ ქვეყნებში დამსაქმებლების ეს ქცევა უფრო გასაგებია, რადგან განვითარებულია ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს მეტად იყენებენ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა ხომ ვიცით?!
– პატარა მაგალითს გეტყვით – ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვისაც არსებობს მართვის ტექნოლოგია. პატარა ბაზრის სინდრომია ეს, რომ სხვაგან წასასვლელი თუ არ გაქვს, მაინც ბევრ საქმეს აკეთებ და ჩვენთან სხვა არჩევანი არაა – მუშაობ და ბევრი საქმის შესრულება ამოცანა კი არა, ვალდებულებაა.