როგორია სასუქის იმპორტი, რომლის ბაზარსაც კონკურენციის სააგენტო შეაფასებს?

როგორია სასუქის იმპორტი, რომლის ბაზარსაც კონკურენციის სააგენტო შეაფასებს?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. როგორც ირკვევა, ფერმერები აჟღერებენ – საცალო ბაზარზე ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებების არსებობას ან/და დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.

bm.ge დაინტერესდა, როგორია სასუქის იმპორტის სტატისტიკა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქები იმპორტი მზარდია. იმპორტი რეკორდული მოცულობის 2024 წელს იყო. გასულ წელს ქვეყანამ 31 951 ტონა ($10.8 მილიონის) პროდუქტი იყიდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანას სასუქის იმპორტი გაუიაფდა, რადგან 2023 წელს ნაკლებ მოცულობაში – 26 449 ტონაში, შედარებით მეტი – $11.2 მლნ დოლარი იყო გადახდილი.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო ბაზრებს, 2024 წლის მონაცემებით, TOP 5 პარტნიორი ასეთია:

  • რუსეთი – 18,854 ტონა/$5.2 მლნ;
  • უზბეკეთი – 3,935 ტონა/$1.3 მლნ;
  • თურქმენეთი – 2,939 ტონა/$1.1 მლნ;
  • თურქეთი – 2,522 ტონა/$1.5 მლნ;
  • აზერბაიჯანი – 1,910 ტონა/$692 ათასი.

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 7 138 ტონა მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქები იყიდა, რაშიც 2.9 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს შემცირებული მაჩვენებელია 2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, როდესაც იმპორტმა 10 068 ტონა, 3.8 მლნ დოლარი შეადგინა.

კონკურენციის სააგენტოს სეს-მა მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია.

სასუქების ექსპორტი

აზოტოვანი სასუქები ქვეყნის 10 მთავარ საექსპორტო საქონელს შორისაა. 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, მეშვიდე ადგილზე იყო, მთლიან ექსპორტში 2.3%-იანი წილით. ექსპორტი წლის ჭრილში 1.3%-ით გაიზარდა და 46 მლნ დოლარს გადააჭარბა (151,475 ტონა).

რაც შეეხება 2024 წელს, ექსპორტი 24.9%-ით შემცირდა და 118.9 მლნ დოლარი (412,258 ტონა) შეადგინა. მთლიან ექსპორტში სასუქებზე გასულ წელს 1.8% მოდიოდა და მე-9 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი 2024 წელს ასე გამოიყურებოდა:

  • პერუ – $39 მლნ;
  • ინდოეთი – $21.7 მლნ;
  • რუმინეთი – $17.7 მლნ;
  • ნამიბია – $8.9 მლნ;
  • ესპანეთი – $7.4 მლნ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *