როგორია $400-მილიონიანი თვითმფრინავი, რომელიც კატარმა ტრამპს აჩუქა?

როგორია $400-მილიონიანი თვითმფრინავი, რომელიც კატარმა ტრამპს აჩუქა?
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, სადაც სამ წამყვან სახელმწიფოს — საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და კატარს სტუმრობს. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ერთი ამბავი, რომელსაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შესაძლო მოსყიდვად, მომხრეები კი — დიპლომატიურ ჟესტად ასახელებენ. საქმე ისაა, რომ მანამ, სანამ ტრამპი კატარში ჩავიდოდა, ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებისგან საჩუქრად $400-მილიონიან თვითმფრინავს მიიღებს, რომელსაც ჯერ საპრეზიდენტო ბორტად გამოიყენებს, მოგვიანებით კი საკუთარ ფონდს გადასცემს და კერძო თვითმფრინავად ეყოლება.

ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია, მართალია, დონალდ ტრამპის კატარული ვოიაჟის დროს უნდა გასაჯაროებულიყო, მაგრამ ტრანზაქციების შესახებ დეტალები მედიამ უფრო ადრე გაავრცელა. მოგვიანებით, ამ თემაზე თავდაცვის დეპარტამენტმა ისაუბრა, რადგან, ოფიციალურად, ნაჩუქარ თვითმფრინავს სწორედ ის მიიღებს. უწყების შეფასებით, საჩუქრის მიღება, ისევე, როგორც შემდეგ მისი დონალდ ტრამპის ფონდისთვის გადაცემა, სამართლებრივად ლეგალურია და სრულ თანხვედრაშია, როგორც მოსყიდვის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან, ასევე კონსტიტუციასთან, რომელიც თანამდებობის პირებს საჩუქრების მიღებას მხოლოდ კონგრესის დასტურის შემთხვევაში ავალდებულებს.

თავად თვითმფრინავი, რომლის გამო მთელი ეს ამბავი დაიწყო, ჯერ კიდევ 2012 წელს დამზადდა. ის Boeing 747-8KB-ის ტიპისაა და ამ დრომდე, მას კატარის სამეფო ოჯახის წევრები იყენებდნენ. თავად თვითმფრინავი ულტრა ძვირად ღირებულ ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო მისი ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა, ალბერტო პინტომ იმუშავა. თვითმფრინავში ვხვდებით, როგორც მოსასვენებელ ოთახებს, ასევე საძინებლებს. თავად საჰაერო ხომალდი საკმაოდ ტევადია და ერთდროულად 89 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. საავიაციო ექსპერტების შეფასებით, ნაჩუქარი თვითმფრინავი დაახლოებით $400 მილიონი ღირს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თუ დონალდ ტრამპს სურს ამ თვითმფრინავით პრეზიდენტობის დროს ისარგებლოს, ის საფუძვლიანად უნდა გადაკეთდეს. ამიტომაცაა, რომ თვითმფრინავს ოფიციალურად აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომელიც მას საპრეზიდენტო ბორტის, Air Force One-ის სტანდარტებამდე აღჭურავს. საპრეზიდენტო ბორტი, რეალურად, თეთრი სახლის მფრინავი ანალოგია, ანუ ის დახუნძლულია, როგორც ფუნქციონალით, ასევე სამხედრო-თავდაცვითი ტექნოლოგიებით. თვითმფრინავი, სხვათა შორის, მდგრადობას ბირთვული აფეთქების ტალღების წინააღმდეგადაც ინარჩუნებს. საპრეზიდენტო ბორტი არ ჩანს რუკებზე, მაგრამ ის ყოველთვისაა კავშირზე თეთრ სახლთან, პენტაგონთან და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან.

შეგახსენებთ, რომ კატარში სამუშაო ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ხელისუფლებასთან უპრეცედენტო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება რამდენიმე სექტორს, მათ შორის ავიაციას, ენერგეტიკასა და კვანტურ ტექნოლოგიებს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია Boeing-ისა და Qatar Airways-ის გარიგება, რომლის ფარგლებში ავიაკომპანია ამერიკული კომპანიისგან $96 მილიარდად შეფასებულ 210 ერთეულ თვითმფრინავს იყიდის. აღნიშნული Boeing-ის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე დიდი შეკვეთაა, რომლის აღსასრულებლად კომპანია მილიონზე მეტ ადამიანს დაიქირავებს. კატარის ხელისუფლება სხვა ამერიკულ კომპანიებთანაც დაპარტნიორდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *