პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას 2022 წლიდან წარმოადგენს. მასთან საკმაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რადგან გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან ექსპორტი 53 მლნ დოლარი იყო, იმპორტი კი 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, გერმანიიდან საქართველოში თითქმის 39 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა.
ქვეყანა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული სექტორისთვისაც – შარშან გერმანიიდან საქართველოში 78 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა, გერმანია ტურისტული ვიზიტებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს. ამას გარდა, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორია, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობის დემოკრატიული უკუსვლის გამო პროექტების ნაწილი გაჩერდა. დახმარების გარდა, ქვეყანა გერმანიისგან შეღავათიან სესხებსაც იღებს, 2025 წლის მდგომარეობით, ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 583 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორი ქვეყნის ურთიერთობა დაპაუზებულია, გერმანიამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მსგავსად, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები დაასანქცირა, როგორც ელჩი ამბობს დასანქცირდნენ ისინი, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
გერმანიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეების სანქცირების შესახებ გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სავარაუდოდ, მაისიდან ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება ფრიდრიხ მერცის მეთაურობით, პიტერ ფიშერი გვეუბნება, რომ საქართველოს მიმართ ქვეყნის პოლიტიკა არ შეიცვლება.
საქართველოს საკითხი მოხვდა გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. გერმანია მხარს უჭერს პროევროპულ ძალებს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა პერსპექტივა არსებობს გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, გააგრძელებს თუ არა გერმანია ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას, რა შესაძლებლობები რჩება გერმანელი ინვესტორებისთვის საქართველოში და რა პოზიცია ექნება გერმანულ მხარეს თუ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გადახედვა დღის წესრიგში დადგა. ამ და სხვა საკითხებზე პეტერ ფიშერი BMG-ის გენერალური პროდიუსერსა და BMG-ის ჟურნალისტს მარიამ ვარადაშვილს ესაუბრა.
მ.ვ: მოგესალმებით და მადლობას გიხდით რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. დავიწყოთ სანქციები. გერმანიის მხრიდან, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი ვიხილეთ. ზუსტად რამდენი ადამიანი დასანქცირდა და ველოდოთ ამ პროცესის გაგრძელებას? განსაკუთრებით მაშინ როცა ვხედავთ, რომ მთავრობა აგრძელებს რეპრესიული კანონების მიღებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ.
მადლობა, მოწვევისთვის, სასიამოვნოა აქ ყოფნა. არ მსურს სანქციებით დაწყება. ჩვენ არ მოგვწონს ვინმესთვის სანქციების დაწესება. ნება მიბოძეთ სანამ სანქციებამდე მივალ ავხსნა რა მოხდა. თუ დავბრუნდებით 1991-1992 წლებში საქართველო როცა დამოუკიდებელი გახდა და თქვა რომ უნდა იყოს დემოკრატია, ჰქონდეს საბაზრო ეკონომიკა და სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გერმანიამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირში თქვეს, რომ ამ პროცესში თქვენი პარტნიორები ვიქნებითო. განსაკუთრებით გერმანიამ, რადგან ვისწავლეთ როგორ ავაშენოთ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და შევძელით ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად გვქონდა არაჩვეულებრივი, პროდუქტიული და ჰორმონული პარტნიორობა. როცა ჩამოვედი პრემიერმა მითხრა რომ თქვენი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა მითხრა იგივე, რომ გერმანია საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია. თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია. ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია და ის დარღვეული იქნა, თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და აღქმა არის ასეთი რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ. რაც არის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა იყო.
გ.ი: აქ დავაზუსტებ, თქვენ თქვით, რომ შეხვედრებზე გერმანია მიიჩნეოდა მთავარ პარტნიორად..
დიახ.
გ.ი: 2024 წლიდან საუბარი თუ გრძელდება და რატომ შევიდა ურთიერთობები კრიზისში? თუ მხოლოდ მედიის გავლით არის კომუნიკაცია..
პირდაპირი საუბრები არ გვაქვს.
გ.ი: არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია?
ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას. ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა მაშინ, როცა პრემიერი იყო ბერლინში, ეს ხდებოდა არჩევნებამდე. ასევე დავამატებ სანქციებთან დაკავშირებით, 13 პირს დავუწესეთ სანქციები. ისინი ჩვენი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დარღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ.
გ.ი: საუკეთესო ადამიანი ხართ იმისთვის, რომ განმარტოთ რატომ არ ვიცით დეტალები და პერსონიფიცირება სანქცირებულ პირებზე? შეგიძლიათ აგვიხსნათ რა ტიპის გამჭვირვალობასთან გვაქვს საქმე, როცა არ ვიცით ამ ადამიანების ვინაობა?
მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი ვალდებულება გვაქვს დავიცვათ ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში. სანქციები არის გზავნილი საქართველოსთვის რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით, ის ასევე გზავნილია, რომ გთხოვთ შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში გვაქვს კანონი, რაც პერსონალური მონაცემების დაცვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. საქართველოს მთავრობაში იციან სანქცირებულთა შესახებ. მე კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე.
მ.ვ: ძალიან ბევრი ადამიანს სანქციები მიაჩნია ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთადერთ იარაღად. ამიტომ გკითხეთ ველოდოთ თუ არა გერმანიის მხრიდან სანქციების გაგრძელებას?
სხვადასხვა სახის სანქცია არსებობს. როცა ერთი მთავრობა მეორე ქვეყნის მოქალაქეს ასანქცირებს ეს ექსტრაორდინალური შემთხვევაა. გერმანიაში ამას მხოლოდ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ვაკეთებთ. ამას არ ვაკეთებთ მაგალითად კორუფციასთან ან არადემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით. სხვა ქვეყნებს აქვთ ეს მიდგომა, თუმცა გერმანია მხოლოდ ადამიანის უფლებების მიმართულებით, რადგან საკმაოდ არაორდინალურია სხვა ქვეყნის მოქალაქის სანქცირება. საქართველოს შეუძლია ის აკეთოს, რაც სურს, თუმცა ჩვენი შეფასებით ეს არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა. სხვა ქვეყნები აშშ; დიდი ბრიტანეთი, კანადა ამას სხვანაირად აკეთებენ, მათ სხვა კანონები აქვთ. თუ იქნება კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევა, დიახ, მეტი სანქცია იქნება.
მ.ვ: ასევე მინდა გკითხოთ გრანტებზე, ვიცით, რომ გერმანია სხვადასხვა სახის გრანტს გამოყოფდა მთავრობისთვის. ასევე ფინანსდებოდა სხვადასხვა სექტორში პროგრამები. ამიტომ გვაინტერესებს რომელი პროგრამები გაჩერდა და რომელ დარგებში?
გ.ი: და რომელია დღემდე აქტიური?
მოდი ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ იმით რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და გვსურს გავაგრძელოთ ეს მეგობრობა. თანამშრომლობაზე შეთავაზება კიდევ ძალაშია. ჩვენ საუკეთესო შეთავაზება გავაკეთეთ, რაც იყო კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. ევროკავშირის წევრებისგან ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. ეს ნიშნავს რომ იყო ოჯახის წევრი, ასევე ევროკავშირის მოქალაქე, რადგან ჩვენ ევროკავშირის მოქალაქეები ვართ. საქართველოს ვუთხარით რომ შეგიძლია იყო ევროკავშირის მოქალაქე. ყველამ იცის რა არის ამისთვის საჭიროა, ევროკავშირის კანონების დანერგვა. ევროკავშირი ღირებულებათა გაერთიანებაა და ამ ღირებულებებს ეფუძნება კანონებიც. როცა ხარ ევროკავშირის წევრი უნდა მიიღო მისი კანონმდებლობა. და როცა ამას გააკეთებ იქნები მისი წევრი. თუ ამას არ იზამ გაწევრიანება ვერ მოხდება. ძალიან გასაგებად არის აქ ყველაფერი. ბევრჯერ ავხსენი ეს საკითხი საქართველოში.
ახლა ვხედავთ ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რასაც არ ვეთანხმებით. არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეების ინტერესებისთვის მუშაობენ. ეს დემოკრატიის ფუნდამენტია, ვერ იქნება დემოკრატია იქ, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად და ხელშეშლის გარეშე არ შეეძლებათ უთხრან მთავრობას რა სურთ. სწორედ ეს არის დემოკრატია. ჩვენ ვხედათ, როგორ ავიწროებენ არასამთავრობოებს მძიმე ფორმებით, იმ ფორმებით, რაც სავსებით არ არის თანხვედრაში ევროკავშირთან. ვნახეთ არჩევნები, ჩვენი საქმე არ არის იმის თქმა ვინ მოიგო. მე არ ვიცი ვინ მოიგო, მე არ დამითვლია ხმები, თუმცა ჩვენ ვნახეთ ამ არჩევნების ყველა ნაწილში სერიოზული დარღვევები. რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ამ არჩევნებზე იყო ძალიან ბევრი დარღვევა, რაც თავსებადი არ არის ევროკავშირის წევრობასთან. სხვაგვარად რომ ვთქვა, ქვეყანა რომელიც მსგავს არჩევნებს ატარებს ვერ ვიტყვით, რომ კარგი იყოს, ევროკავშირის წევრი. ჩვენი მოქალაქეები იტყვიან არ გვსურს ჩვენს გაერთიანებაში ამ ტიპის არჩევნების მქონდე ქვეყანა. შემდეგ ვნახეთ ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე მანიფესტაციის უფლების მძიმედ შეზღუდვა, ბევრი დაკავება, ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა დაკავებების დროს. ნათელია რომ ამას სისტემური სახე ჰქონდა. ჩვენ ეს ევროკავშირში არ გვსურს. შემდეგ ვნახეთ სპეციალური საგამოძიებო კომისია. ზოგიერთმა ადამიანმა მას ნიურნბერგის პროცესი უწოდა. ეს ჩვენთვის, გერმანელებისთვის მიუღებელია, რადგან ნიურნბერგის პროცესი გაიმართა ყველაზე საშინელი ნაცისტი კრიმინალების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო. როცა ამ კონტექსტში ნიურნბერგის პროცესზე საუბრობ ამით ნაკლებ პატივისცემას იჩენ ნაცისტების მსხვერპლების მიმართ. განცხადებებიდან უკვე ვიცით, რომ საგამოძიებო კომისიამ მოაგროვა საკმარისი მტკიცებულება რომ მისცეს საგამოძიებო სტრუქტურებს, რომელიც იტყვის, რომ თქვას კონკრეტულმა პოლიტიკური პარტიებმა ჩაიდინეს დანაშაული, დაარღვიეს კონსტიტუცია და უნდა აიკრძალონ. მედიის რეფორმისგან ველით, რომ დამოუკიდებელი მედიის დიდი ნაწილი გაქრება.
მ.ვ: მაუწყებლობის შესახებ კანონს გულისხმობთ?
არ ვიცი რა არის.. მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ბრიტანული, ველოდები ვნახო რა არის. მაგრამ თუ გყავს [კონტროლის ქვეშ] მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუჩაში ხალხი, პოლიტიკური პარტიები და განათლების სისტემა. მაშინ რა რჩება ევროპული სტილის დემოკრატიისგან რომელიც ლიბერალური დემოკრატიაა, ბევრი არაფერი. მთელი ჩვენი პოლიტიკა არის იმის მცდელობა რომ გზავნილი გადავცეთ საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას რომ თუ გსურთ ევროკავშირის წევრობა, დიდი სიამოვნებით მიგიღებთ, მაგრამ ყველამ იცის რა არის ამისთვის საჭირო. მოდით ვიმუშაოთ ამაზე, როგორც ეს 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ. შეთავაზება მაგიდაზე დევს. თუ არ გსურთ ევროკავშირის წევრობა და ფაქტები ამაზე მიანიშნებს, რადგან ქმედებები სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირთან, მაშინ რატომ არ ამბობთ ამას. გთხოვთ გვითხარით. ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და არავისთვის დაუძალებიათ ან უხვეწიათ. აქ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ახალი წევრები აღარ გვჭირდება და გაერთიანების შიგნით საკმარისი პრობლემები გვაქვს. ასე რომ თუ არ გსურთ ევროკავშირის წევრობა ესეც გასაგებია. ორმხრივი ურთიერთობების უმეტესობა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთანაა, თუმცა ეს სრულიად განსხვავებულია როცა ევროკავშირის წევრი ხარ ან გაწევრიანების პროცესში ხარ. თუ გსურთ იყოთ პატარა სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში ბაზრების ინტეგრაციის გარეშე. გასაგებია, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ურთიერთობა იქნება განსხვავებული, ბევრად ნაკლები აქტივობა იქნება და უკან გავიწვევთ მთელ ამ პროგრამებს და ყველაფერ იმას, რასაც ძალიან ბევრი მიმართულებით ვაკეთებთ.
თუ არ გსურთ ევროკავშირში და გსურთ იყოთ ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატიის სტანდარტები გერმანიის გადმოსახედიდან დაბალი იქნება, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, თუმცა საქართველოს ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ საკუთარ სურვილებს თავს არავის ვახვევთ, მაგრამ ვიმეორებ მაშინ გვექნება სხვაგვარი ურთიერთობა. საელჩო ჩრდილოეთ კორეაშიც გვაქვს. ალბათ ყველაზე უარესი მაგალითია, მაგრამ მათთანაც გვაქვს ურთიერთობა, თუმცა რა თქმა უნდა, ისეთივე არა როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან.
მ.ვ: თუმცა ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. აქ სხვაობა ალბათ ეს არის…
დიახ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ქართველების გადასაწყვეტია. მე გეუბნებით ჩვენი შეთავაზება რა არის. უკვე გავაკეთეთ ეს შეთავაზება და როგორ მიხვალთ აქამდე ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენი გზავნილია რომ არის სამი არჩევანი: ევროკავშირის გზა, მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც სრულდება ევროკავშირის მოქალაქეობით თითოეული ქართველისთვის. ამ გზაზე არის გაწევრიანებამდე დახმარება. ნახეთ რას ვაკეთებთ მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. რა გავაკეთეთ ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ჩეხეთისთვის. შეხედეთ მათ ტრანსფორმაციას. ეს არის ჩვენი შეთავაზება. საქართველო პატარა ქვეყანაა, საკმაოდ შორს ევროკავშირისგან, პატარა ბაზარია და ამას თუ დაემატა ის რომ თქვენ ადამიანის უფლებები და დემოკრატია ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომელიც ჩვენთვის მისაღები არ არის, მაშინ ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ დისტანცირებული იქნება. გვსურს, რომ ეს გზავნილი იქნეს გაგებული და ამიტომ დავასანქცირეთ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის 13 პირი. რაც შეეხება განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას, უზარმაზარი პორტფოლიო გვქონდა საქართველოში.
მ.ვ: რა მოცულობის იყო ეს დახმარება, შეგიძლიათ ზუსტი რიცხვები გვითხრათ?
ზოგადად, საქართველოს გერმანიისგან დიდი დახმარება ჰქონდა, მხოლოდ გერმანიის დახმარებაზე ვისაუბრებ. ყველგან ხედავთ წარწერებს – გერმანიასთან თანამშრომლობით, შვედეთთან, USAID-თან და სხვა ქვეყნებთან. არ ვიცი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიდევ არის თუ არა USAID-ის ლოგო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იყო. სასრიალოდ წავედი და ციგურების სკოლას USAID-ის დახმარება ჰქონდა. ყველგანაა ეს დახმარება. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ მილიარდ ევროზე მეტი შემოვიტანეთ საქართველოში. გვაქვს აქტიური პორტფელი, ზუსტი რიცხვებზე ინფორმაცია არ წამომიღია, მაგრამ დაახლოებით 800 მლნ ევროს მოცულობის მიმდინარე პროექტები იქნება. რაც გავაკეთეთ არის გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის იმ არჩევანზე, რაზეც ვისაუბრე. მთავრობას ვუთხარით რომ ახლანდელი კურსის პირობებში ვამცირებთ დახმარებას. 237 მლნ ევროთი შევამცირეთ დაგეგმილი პროექტები, ისინი გაჩერებულია, თუმცა აღდგენა შესაძლებელია. ეს მოიცავდა ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოებას.
საქართველოს ელექტრო გადამცემი ხაზების დიდი ნაწილი გერმანიის მიერ შეღავათიანი სესხებით არის დაფინანსებული. ასევე ეს თანხა უნდა მოხმარებოდა წყალბადის წარმოების პროექტს, რაც მომავლის ტექნოლოგიაა. გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები სუფთა ენერგიის პოლიტიკის განვითარების კუთხით წყალბადის იმპორტის საჭიროების წინაშე არიან. ამიტომ ვცდილობდით დავხმარებოდით საქართველოს მის წარმოებაში, ესეც გაჩერებულია. მესამე პროგრამა იყო ბათუმის წლის შემდეგი ფაზა, ესეც გერმანიის მხრიდან იყო თანადაფინანსებული.
გ.ი: რა დარჩა და რომელი პროგრამა არის ჯერ კიდევ მიმდინარე სტატუსით?
ძალიან ბევრია.. განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით გვაქვს საკვანძო მიმართულებები, მათ შორის პროფესიული გადამზადება, ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რათა ხალხი უკეთ იყოს გადამზადებული და უკეთესი ელექტრიკოსი იყვნენ, IT სპეციალისტები… ასევე გვაქვს ბუნების დაცვის მიმართულებით პროგრამა.
გ.ი: მიმდინარე?
დიახ, მიმდინარე პროექტები გვაქვს, არ გვინდა ჩვენს ინვესტიციებს დარტყმა მივაყენოთ. საქართველოსთან ურთიერთობებს არ ვწყვეტთ, არც მეგობრობას ვწყვეტთ ქართველ ხალხთან. გვაქვს კრიზისი მთავრობასთან, ბევრი კრიზისია მსოფლიოში და როგორმე უნდა დავძლიოთ. ვცდილობთ სიგნალის გაგზავნას რომ ეს არის კრიზისი და ვუხსნით როგორ დაბრუნდეს ურთიერთობები ძველ გზაზე. მიმდინარე პროექტებია პროფესიული სწავლება; ბუნების დაცვა; ენერგეტიკა, ელექტროსექტორი და ურბანული დაგეგმარება. ამ უკანასკნელის მიმართულებით მსხვილი პროექტები გვაქვს თბილისსა და ბათუმში.
გ.ი: ინვესტიციები ახსენეთ, მე ვსაუბრობ პირდაპირ ინვესტიციებზე, რა სტატუსი აქვთ ახლა მათ და რომელი სექტორები აინტერესებთ გერმანელ ინვესტორებს და როგორ აისახება ურთიერთობაში კრიზისი ინვესტიციებზე?
რთული კითხვაა, მე არ ვარ გლობალური ომის პარტია, არც დიფსთეითი. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დიფსთეითზეც. 39 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობაში ვიყავი და დიფსთეითი არ მინახავს. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი, როგორც საჯარო მოხელე, აზრს ვეკითხებოდით მეცნიერებს, მთავრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არჩეულ პარლამენტის წევრებს. არანაირი დიფსტეითი არ არ არის. მე საქართველოს მეგობარი ვარ და როცა ჩამოვედი ამ ქვეყანაში ხალხს ვეუბნებოდი, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ადგას და ეს მიმართულებები შეიძლება იყოს საინტერესო და ვისურვებდით უფრო მეტ ინვესტიციას, როგორც ეკონომიკასა და ბიზნესში მომუშავე ხალხს გესმით შესაძლებლობის ფასი. უზარმაზარი სხვაობაა ევროკავშირის გზაზე მყოფი ქვეყნის შემთხვევა, ევროკავშირის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია 450 მილიონი მომხმარებლით, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მარკეტი მსოფლიოში და საქართველო, სადაც რამდენია მოსახლეობა ახლა?
გ.ი: დაახლოებით 3.5 მილიონი…
3.5 მილიონამდე.. მეორე მხრივ არის არავისთან ინტეგრირებული ბაზარი, რთული მეზობლები.. თქვენ დარჩებით პატარა ბაზრად. ევროკავშირი თუ პატარა ბაზარი სამხრეთ კავკასიაში, ეს ინვესტიციების კუთხით უზარმაზარი სხვაობაა. ვაჭრობის კუთხითაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარზე შესვლა რთულია და ამას თავისი ფასი აქვს, თუმცა ვიმეორებ შეხედეთ ბალტიის ქვეყნებს, საქართველოს მსგავსად ბალტიის ქვეყნებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. განადგურებული ეკონომიკით, პოლიტიკური სისტემა არ არსებობდა, ხალხი ემიგრაციაში მიდიოდა. შეხედეთ მათ ახლა, ასე შეიძლება საქართველო ყოფილიყო. შეხედეთ პოლონეთს, ჩვენს მეზობელს, პოლონეთი განადგურებული იყო კომუნისტების ეკონომიკური პოლიტიკით, შეხედეთ ვარშავას, ეს არის თანამედროვე, მოწინავე ევროპული ქალაქი. ეს არის შესაძლებლობა, საქართველოს აქვს სტრატეგიული ხედვა შუა დერეფანზე, განახლებადი ენერგიებში პოტენციალი, ასევე ტურიზმი, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ეს პოტენციალი უზარმაზარი იქნება თუ ევროკავშირში შეხვალთ, მაგრამ ძალიან პატარა იქნება შესაძლებლობები თუ ამას არ გააკეთებთ. როგორც ვთქვით, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ევროკავშირის წევრი ან არ იყოთ მისი წევრი და იყოთ არა წევრი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში პლუს ავტორიტარულიც. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ შემიძლია აქ გაჩერება, მექნება რომელიმე ძალაუფლების მქონე პირისგან წყალობა შევძლებ ფულის შოვნასაც. მაგრამ
გერმანელების უმეტესობა ევროკავშირში დებს ინვესტიციებს, რადგან მოგვწონს ლიბერალური დემოკრატია, თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, სადაც სასამართლოში წავალთ და მიუკერძოებელი მოსამართლე იქნება, რომელიც კანონის მიხედვით იმოქმედებს. ჩვენ გვიყვარს დიდი ბაზრები, გვაქვს საერთო ბაზარი 450 მილიონი მომხმარებლით, ასევე კაპიტალის თავისუფლად მოძრაობა, მომსახურების და საქონლის თავისუფლად გადაადგილება. თითოეულ ევროპელს შეუძლია ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე, გადაადგილდეს მეორე ქვეყანაში.
გ.ი დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ გართულებულ ან თქვენ როგორც ამბობთ კრიზისში არსებული საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ჩვენს ქვეყანაში რაიმე სახის გერმანული ინვესტიცია შემოვა, რადგან პირველი, რასაც ინვესტორი უყურებს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებია …
დიახ, ინვესტორებს სურთ სანდოობა და უსაფრთხოება. ვისურვებდი სხვა ვითარებაში ვიყოთ. პირადად ვმუშაობდი, ინტერვიუებს ვაძლევდი. ყველა მინისტრმა და პრემიერმა იცის ამ ქვეყანაში როგორ ვცდილობდი საქართველოს ეკონომიკის რეკლამირებას. ახლა ვფიქრობ, რომ პერსპექტივა ვარდისფერი აღარაა და ინვესტორი რომ ვიყო ორჯერ დავფიქრდებოდი საქართველოზე.
გ.ი: მინდა ერთ საკითხსაც შევეხო, რომელიც ეხება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს, ჰაიდელბერგს, მათ გაყიდეს საკუთარი წილები… ფიქრობთ რომ ეს ბიზნესს გადაწყვეტილება იყო თუ სხვა რამ? შესაძლოა თქვენ ამ მიმართულებით უფრო მეტი იცოდეთ, რადგან ქარხანა, რომელიც წინა მესაკუთრეებს ეკუთვნოდათ კიდევ მოგებიანია.
ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე გერმანიის მთავრობისთვის ვმუშაობ და ჰაიდელბერგს არ წარმოვადგენ, თუმცა თქვენი კითხვიდან გამომდინარე შეგიძლიათ დასკვნები თავად გააკეთოთ. მე ამ საკითხს ასე დავტოვებ.
გ.ი: გასაგებია, ვფიქრობ დიპლომატიით უნდა დავკავდე…
მ.ვ: მინდა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე გკითხოთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აპირებენ წინადადებებით მიმართონ ევროკომისიას. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 14 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რა იქნება ამ საკითხზე გერმანიის პოზიცია. მოვისმინეთ ამაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი, რომ ეს იქნება დასჯა საქართველოს მოქალაქეების. იზიარებთ ამ მოსაზრებებს?
გ.ი: ამ მიმართულებით გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურებიდან რომ ეს საკითხი მაგიდაზე არ დევს ისეთი აქტუალობით როგორც ეს გასულ თვეებში იყო, თუმცა მოდი, ასე ვთქვათ მსჯელობა კვლავ მიდის. ვცდილობ ისეთივე დიპლომატიური ვიყო როგორიც თქვენ ხართ.
ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაურესდა, თან უჩვეულო სისწრაფით და ახლა კრიზისში ვართ, ვცდილობთ გადავწყვიტოთ რა ვქნათ, გვსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით.
გ.ი: და რა იქნება ამის ფასი?
არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ.
გ.ი: არის რაიმე სახის გამოსავალი ან ზომები, რომელიც გამოყენებული იქნება ვითარების გამოსასწორებლად?
ასე ვიტყოდი რომ ეს დამოკიდებულია საქართველოზე, თუმცა საქმე მთავრობასთან გვაქვს..
გ.ი: საჭიროა ლაპარაკი ალბათ, იმაზე როგორ გადაიტვირთოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობა. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის პოზიცია რომ პირდაპირი ურთიერთობები შეჩერებულია, ურთიერთობების გადატვირთვა როგორ არის ამ ვითარებაში შესაძლებელი?
თუ საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება სურს უნდა მიიღოთ ისეთი კანონები, რაც ევროპულთან თანხვედრაში იქნება. შეწყვიტეთ წინააღმდეგობრივი კანონების მიღება, უკიდურესად საკამათო ფუნდამენტური საკითხების მიმართ როგორებიცაა მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები. რასაც ვუწოდებთ დემოკრატიულ უფლებებს. მაგალითად არასამთავრობოების საკითხი განვიხილოთ. როგორც ვთქვი ისინი დემოკრატიის ფუნდამენტი არიან. დემოკრატიაში მოქალაქემ უნდა თქვას მეტი გადასახადი მინდა ან ნაკლები, მეტი გზის მშენებლობა ან ნაკლები, მსურს ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ან იმ ქვეყანასთან და მთავრობა ამაზე რეაგირებს. რა თქმა უნდა, ამისთვის მოქალაქეები ქმნიან ჯგუფებს, ამ ჯგუფების მიზანი შეიძლება სამეზობლოში მდინარის სისუფთავის დაცვა იყოს ან ქალების უფლებები, ასევე შეიძლება იყოს სვანეთში ქუდების შექმნის ტრადიციის შენარჩუნება, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული, საარჩევნო პროცესების დაკვირვებაზე ორიენტირებული, ასევე LGBTQ უფლებებისა და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს. ახლა საქართველოში არის გამჭვირვალობის კანონი, ე.წ FARA, ახლა გრანტების კანონი. არცერთი თანხვედრაში არ არის თავისუფლებასთან..
მ.ვ: “გრანტების კანონით” როგორც გრანტის გამცემს მთავრობისგან ნებართვა დაგჭირდებათ, ხომ?
უნდა ვნახოთ კანონი, ვსწავლობთ ამ საკითხს და ალბათ ვკითხავთ საქართველოს მთავრობას ეს ჩვენთვის რას ნიშნავს. როგორც ვიცი პაკისტანშია ასეთი წესი, როცა თითოეულ გრანტზე ნებართვა უნდა მიიღო. ეს არის რაც გსურთ?! კარგი, როცა შევა ძალაში ვნახავთ, მაგრამ ისე ვეღარ იქნება, რადგან პრივილეგირებული პარტნიორობა ევროკავშირის გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის არის.. რომ მოვდიოდი მანქანაში კონკრეტულ მედიაში გამოქვეყნებული განცხადებები ვნახე და 10-დან რვა ეხებოდა უცხოური ძალების ჩარევის საშიშროებას, დიფსთეითს, ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს სუვერენიტეტს ძირის გამოთხრას, ევროკავშირის სოვიეტიზაციას.
გ.ი: ასეთებს კიდევ უსმენთ და თვალ-ყურს ადევნებთ?
სადამდე დავეშვით, თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ? დიფსთეითი ვართ? ყველა ხაზი გადავკვეთეთ?
მ.ვ: რომ შევაჯამოთ კიდევ ხედავთ რაიმე თანამშრომლობის შესაძლებლობას “ქართული ოცნების მთავრობასთან?
ბურთი საქართველოს მოედანზეა, საქართველო ამბობს, რომ ბურთი ევროკავშირის, ამერიკის და სხვების მოედანზეა.რეალობა არის ის რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპის გზაზე დაბრუნდეს ქვეყანა. შეწყვიტონ ისეთი კანონების მიღება, რომელიც ევროპულთან წინააღმდეგობაშია და პირიქით ისეთი კანონები მიიღონ, რაც თანხვედრაშია მასთან. შეწყვიტეთ ჩვენზე ცუდი რაღაცების საუბარი თუ ჩვენთან პარტნიორობა გინდათ, ნუ გვეძახით საბჭოეთს, ნუ გვეუბნებით რომ სუვერენიტეტს ძირს ვუთხრით. ნუ გვექცევით როგორც მტრულ უცხო ძალებს. როგორ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში, როცა მტრული უცხო ძალა გავხდით.
პოლიტიკა დინამიკური პროცესია ყოველ დღე, კვირა ახალ ვითარებაა და ვნახოთ ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს. თქვენ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხართ. ძალიან მარტივია პოლიტიკური დინამიკის ცვლილება, ძალიან მარტივი. მაგრამ ჩვენ არასდროს ვცვლით მიდგომებს. ყოველთვის მათ შორის არჩევნებამდე ყველამ იცოდა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტი გერმანიის რესპუბლიკის ლიბერალური დემოკრატია, ადამიანის უფლებებია და როდესაც ვხედავთ ქვეყანას, რომელიც ამ ყველაფრისგან უხვევს, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ეს ყველასთვის ცნობილია. ზოგიერთ თქვენს ლიდერს ეს გერმანიაში ნასწავლი აქვთ გერმანული სტიპენდიით. საიდუმლო არ არის ვინ ვართ. ვიმედოვნებ, ურთიერთობა იმავე გზას დაუბრუნდება.
გ.ი: გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას: თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა ვითარებაა ახლა გერმანიაში? ბევრი რამ იცვლება. ვნახეთ ერთობლივი განცხადება ახალი კოალიციისგან. რა ტიპის მთავრობა იქმნება, ვიცით, რომ კოალიციაში სამი პარტია იქნება. როგორც ცნობილია 6 მაისს გერმანიას უკვე უნდა ჰყავდეს კოალიციის მიერ არჩეული კანცლერი.
გერმანიაში არჩევნები გვქონდა. გერმანიისთვის დამახასიათებელია რომ არ გვყავს ერთი პარტია, რომელსაც ხმების 50%-ზე მეტი აქვს. ამიტომ იქმნება კოალიცია იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა არსებობდეს. ამ შემთხვევაში ორი პარტია CDU, რომელსაც ჰქვია ქრისტიან დემოკრატების კავშირი. ამ პარტიას დიდი ტრადიცია აქვს, ბევრი კანცლერი გვყოლია აქედან და არის ასევე სოციალ-დემოკრატიული პარტია. მათ გააფორმეს კოალიციური შეთანხმება. ქრისტიან-დემოკრატები შეხედავენ ვისთან არის კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, დაუკავშირდებიან სასურველ პარტნიორს. ამ შემთხვევაში ასეთები აღმოჩნდნენ სოციალ-დემოკრატები, რომელთანაც მიმდინარეობდა კოალიციაზე შეთანხმება და მათ გამოაქვეყნებს პროგრამა.
გ.ი: სადაც საქართველოზეც არის საუბარი…
ორი წინადადება ეხება საქართველოს. ზუსტი ციტატა არ მახსოვს, მაგრამ წერია, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ხელახალი დაწყება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ საქართველო დაიწყებს ფუნდამენტურ, დემოკრატიულ პროცესებთან თანხვედრაში მოსვლას. მაშინ ჩვენ ვიქნებით საქართველოში ევროპული ძალების გვერდით. საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილია.
მ.ვ: გამოდის რომ იგივე მიდგომა ექნება ახალ მთავრობასაც
დიახ, იგივე მიდგომა იქნება. ზოგიერთი აქ ამბობდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ არ არის. მართალი იყავით სამი პარტიაა კოალიციაში CDU-ს ჰყავს ასევე CSU (ქრისტიან-სოციალურ კავშირი), მოდი ასე ვთქვათ კონსერვატორებმა და სოციალ-დემოკრატებმა შექმნეს კოალიცია. ახლა მთავრობას დამტკიცება სჭირდება და დიდი ალბათობით მაისის დასაწყისში მოხდება ეს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტი აირჩევს კანცლერს და 99.9%-ით ეს იქნება ფრიდრიხ მერცი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი.
შეიძლება ერთი რამ დავამატო? ერთ საკითხი რაც მნიშვნელოვანია არის მთავრობის ქმედებების პროგნოზირებადობა და სანდოობა. პატივისცემა წინა შეთანხმებების მიმართ. გერმანიის მთავრობის მხრიდან იქნება სტაბილურობა რა თქმა უნდა, ისინი ახალ პრიორიტეტებს დააყენებენ, თუმცა საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ეხება ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს, ველი რომ იგივე პრინციპებს დაეფუძნება. ვხედავთ მთელ მსოფლიოში ტურბულენტობას, მაგრამ გერმანია აპირებს დარჩეს სანდოდ და სტაბილურად. ქვეყნის შიგნით ვაპირებთ რეფორმების გატარებას, დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. დავამტკიცეთ 500 მილიარდი ევრო დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე ახალი ფორმულა თავდაცვის ბიუჯეტისთვის. მთავრობას სურს თავდაცვის ხარჯებმა მშპ-ს 3%-ს მიაღწიოს. ამგვარად როგორც ევროკავშირის ქვეყანა ვაგრძელებთ მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას და ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან მთელ მსოფლიოში ურთიერთობების გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურბულენტური ვითარებაა. როცა აშშ ფუნდამენტურად შეიცვალა, გამოწვევებია რუსეთიდან და კიდევ არის სხვა გამოწვევებიც. კოალიციური შეთანხმების მთავარი განაცხადი ასევე არის ის, რომ ჩვენ ვართ ლიბერალური დემოკრატია და გვსურს ასეთად დავრჩეთ ახალ სამყაროში. ეს არის ფუნდამენტი მოქალაქეების კეთილდღეობისა. ინოვაცია და კრეატიულობა არ მოდის მაშინ როცა ზემოდან იტყვის ვიღაც ჩემთვის გამოიგონე ან კრეატიული იყავი. ეს მოდის მაშინ, როცა ყველა თავისუფლად მოქმედებს.
გ.ი: ბატონო ელჩო რა არის თქვენი პერსონალური გეგმები უახლოეს თვეებსა და წლებში?
დასვენება, გასეირნება, ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრს ვნახავ, ასევე ვიქნები ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად, კარგ დროს გავატარებ ჩემს კოლეგებთან ერთად საელჩოში. ვიმედოვნებ, ასევე მომსწრე გავხდები საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების. რადგან ვიმეორებ, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით რა მოხდა? რატომ არ შეიძლება კიდევ მეგობრები ვიყოთ. ვიმეორებ, შეთავაზება არსებობს და აქ ვარ და მზად ვარ ამ მიმართულებით ვიმუშაო.
მ.ვ: სანამ დავასრულებთ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით, რადგან წინა დღეებში აშშ-ის ტარიფების საკითხზე ვმუშაობდი. როგორ შეძლებს ევროკავშირი ამ ტარიფებთან გამკლავებას, რომელიც თქვენი ისტორიული პარტნიორისგან მოდის?
ზოგადად ვფიქრობთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა კარგია. ტარიფებს მოაქვს ეკონომიკური ზიანი. არ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები გლობალური ეკონომიკისთვის კარგი იყო, რომელიც იცვლება მუდმივად იზრდება ან მცირდება. სანდოობა და პროგნოზირებადობა არის ის, რაც ბიზნესში ადამიანებს სჭირდებათ, ხომ? მიჰყევი კონტრაქტებს, პატივი ეცი, რაც წინა მთავრობამ გააკეთა. ყველა მთავრობა რაღაცას ცვლის, მაგრამ ყველაფერს ერთ ღამეში ნუ შეცვლი, ამის საჭიროება არ არსებობს. ტარიფები ზიანს აყენებს ეკონომიკას და ევროკავშირმა იცის ამ საკითხს როგორ გაუმკლავდეს. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია ან სავაჭრო ომები და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ასევე ყოველთვის მზად ვართ ჩვენი ინტერესების დასაცავადაც. ჩვენ 450 მილიონიანი ძლიერი კავშირი ვართ. გერმანია მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკაა. თქვენ ნახეთ რა მოხდა საფონდო ბარათებზე. ჩემი ახალგაზრდობის ნაწილი ამერიკაში გავატარე, გავიზარდე ორენოვან და დავდიოდი გერმანულ-ამერიკულ სკოლაში, ასევე ვწავლობში აშშ-ში და ვმუშაობდი იქ ჩვენს საელჩოში. ძალიან სამწუხაროა როცა ვხედავ ეკონომიკურ გამოწვევებს აშშ-ში.
გ.ი: დიდი მადლობა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთა საუბარი
მადლობა
გ.ი: ვისურვებდი ეკონომიკასა და ბიზნესზე ბევრი გვესაუბრა
მოდი დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას, როცა ბევრი ინვესტიცია და ვაჭრობა იქნება და ისევ მეგობრები ვიქნებით