სმარტფონის კორპუსზე არ არის აღნიშნული კონკრეტული ბრენდი, რადგან ბრენდი, თავისი არსით, წმინდა კაპიტალისტური ქმნილებაა. თავად სმარტფონი კი ჩინური Huawei-ის და Honor-ის მოდელებს მოგვაგონებს, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა სულ სხვაა. თან, აღნიშნული სმარტფონი ინტერნეტს ვერ უკავშირდება.
ფორმალურად, ჩრდილოკორეული სმარტფონი Android-ზე ოპერირებს, მაგრამ Google-ის ტრადიციული OS-ი რადიკალურადაა შეცვლილი და ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნებსაა მორგებული, მათ შორის ჩაშენებულია მომხმარებელზე ტოტალური თვალთვალის არაერთი ფუნქცია.
როგორც ირკვევა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ სმარტფონი ეკრანის ასლის ანაბეჭდს, ე.წ. “სქრინშოტს” იღებს, რომელსაც დახურულ, მომხმარებლისთვის მიუწვდომელ ადგილას ინახავს. BBC-ის ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ ამ საქაღალდესთან პერიოდულად ჩრდილოეთ კორეის დაზვერვა აანალიზებს.
გარდა ამისა, სმარტფონში ჩაშენებულია ავტომატური ცენზურის ფუნქციონალი, რომელიც სამხრეთ კორეასთან დაკავშირებულ და იქ გამოყენებულ სიტყვებს კიმ ჩენ ინისთვის მისაღებ სიტყვებად ცვლის. აი, მაგალითად: “სამხრეთ კორეის” ნაცვლად, სმარტფონი “მარიონეტულ სახელმწიფოს” წერს, “უფროსი ძმის” ნაცვლად კი — “ამხანაგს”.
სმარტფონების კონტროლი არ არის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობის მენტალიტეტის შეცვლას ცდილობს. აღნიშნული აიხსნება, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიების განსხვავებით, ასევე იმითაც, რომ ტექნიკურად, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა ჯერაც ომში არიან.
რამდენიმე წლის წინ, ქვეყანაში აიკრძალა და სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა სამხრეთკორეული აქცენტით საუბარი, ხოლო ქუჩებში “ახალგაზრდა პატრულები” გამოჩნდნენ, რომელთა დავალება ახალგაზრდა ჩრდილოეთ კორეელების ქცევის კონტროლია. არაერთხელ გვსმენია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანებს თმის სტილის და ჩაცმულობის გამო სჯიან, რომელიც, შესაძლოა, ზედმეტად “სამხრეთულად” გამოიყურებოდეს.