საერთო ჯამში, ერთ კვირაში ნავთობის ფასი 14%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე კორექციის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, ბარელი Brent-ის ფასი კი $65-ის ფარგლებშია, რაც ბოლო 3 წლის მინიმუმია. ცხადია, ანალოგიურად ნეგატიური შედეგი აქვს რუსულ Urals-ს, რომელიც ქვეყნისთვის მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს.
მოგეხსენებათ, რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, საერთაშორისო ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების მკვეთრი გაიაფება კი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, რაც მთავრობას ვალის აღებას ან საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას აიძულებს.
ამჟამად კრემლის ბიუჯეტის თითქმის 60% ენერგეტიკული რესურსებით ივსება, ნავთობის და გაზის გაიაფება კი მოსკოვისთვის ნეგატიურ სიახლეს წარმოადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია გაგრძელდა, სავარაუდოდ, რუსეთის და საუდის არაბეთის იძულებით, OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მიწოდებას შეამცირებენ, რაც ფასების ხელოვნურ ზრდას გამოიწვევს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, OPEC-მა სწორედ ამ სტრატეგიას მიმართა, რადგან ნავთობი მაშინაც მკვეთრად უფასურდებოდა.