როგორ მიიღო მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი, აშშ-ის “საელჩოს გავლით თუ ავლით

როგორ მიიღო მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი, აშშ-ის “საელჩოს გავლით თუ ავლით
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის “საელჩოს გავლით” მიიღო. ამის შესახებ მან “საზოგადოებრივი არხის” ეთერში განაცხადა.

კითხვას, “რა არხებით მიიღეთ ტრამპის წერილი, ეს იყო აშშ-ის საელჩოს გავლით თუ ავლით”? ყაველაშვილმა უპასუხა, „საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, რომ ეს სიცრუე იყო.

„განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი უკვე დალაგდა და აღიარეს ხელისუფლება? აქ არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მათ დამკვეთებს ხომ პასუხი ექნებათ გასაცემი რადიკალური ჯგუფებისთვის. ხომ იციან, რომ ეს წერილი ავთენტურია, ტრამპის ხელმოწერითაა და ტრამპის მოლოცვა არის? ამის უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა. პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *