როგორ შეიცვალა რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე კვირას საქართველოსა და მსოფლიოში?

როგორ შეიცვალა რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე კვირას საქართველოსა და მსოფლიოში?
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 7 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ს შეადგენს.

საქართველოსთან ერთად, მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთი განაახლეს ერთმანეთთან სავაჭრო ომში ჩაბმულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმაც.

კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 4.25-4.5%-ის ფარგლებში შეინარჩუნა. FED-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფლაცია 2022 წლის პიკთან შედარებით შემცირებულია, თუმცა უახლესი მაჩვენებლები არ იძლევა საკმარის საფუძველს განაკვეთების შემცირებისთვის. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ იზრდება როგორც უმუშევრობის, ასევე ინფლაციის ზრდის რისკები, რაც შესაძლოა სტაგფლაციის სცენარით დასრულდეს.

ჩინეთის შემთხვევაში კი, ქვეყნის ცენტრალურ ბანკმა და ფინანსურმა მარეგულირებლებმა 7 მაისს მონეტარული პოლიტიკის შერბილება დააანონსეს. კერძოდ, “ხალხის ბანკის” მმართველის, პან გონგშენგის განცხადებით, მოკლევადიან სესხებზე განაკვეთი 10 საბაზისო პუნქტით, 1.5%-დან 1.4%-მდე შემცირდება, რაც ძირითად მონეტარული პოლიტიკის ძირითად განაკვეთს 10 საბაზისო პუნქტით, 0.1%-ით შეამცირებს. გონგშენგის განცხადებით, “ზომიერად შერბილებული” პოლიტიკა გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევების, სავაჭრო დაძაბულობისა და ბუნდოვანების პასუხია.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთს გადახედა, გაერთიანებული სამეფოა. ინგლისის ფინანსური სისტემის მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.25%-იან ნიშნულამდე შეამცირა. ოფიციალური უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება პირდაპირ კავშირშია 2.5%-მდე შემცირებულ ინფლაციასთან, რომელიც ამჟამად სამიზნე ნიშნულთან ახლოს იმყოფება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *