გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
მათი ცნობით, 13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
რაც შეეხება ტემპერატურის მატებას, როგორც გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, გამოდარებას 17 აპრილიდან უნდა ველოდოთ.
„საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი 17 აპრილამდე გაგრძელდება. 17 აპრილიდან გამოიდარებს და აღდგომის დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამინდის პროგნოზის დაზუსტება ყოველდღიურად ხდება” – აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.