როდის გაიმართება გიორგი ბაჩიაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესები?

როდის გაიმართება გიორგი ბაჩიაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესები?
დღეს, 29 მაისს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი წინასასამართლო სხდომა ორ თვეში – 29 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

რაც შეეხება საზღვრის უკანონო კვეთას, პროცესის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს 16:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა bm.ge-ს უთხრა, რომ ასევე ჩაინიშნება პროცესები ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზეც, რომელსაც აწ უკვე მსჯავრდებულის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ “ქართუ ბანკის” სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება “მტკვარი ჰესის” საქმის განხილვაც.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *