უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში გადასახადების მიხედვით შესრულება ასეთი იყო:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.85 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%; მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 850 მლნ ლარის 96.6%-ია. დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.88 მლრდ ლარი, ფაქტობრივად მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%. აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 560 მლნ ლარის, 87.6%–ია. იმპორტის გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი 31.3 მლნ ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია. სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.
Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა „ანალიტიკას“ ეთერში განმარტა, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის მსგავსად, “სხვა გადასახადები” სხვა წლებშიც იზრდებოდა.
“2016 წლიდან მოყოლებული, აღმოვაჩინე 4 წელი, სადაც იყო გადასახადის ნაწილში თანხების მობილიზების პრობლემა, ისევე როგორც ამ წელს. ეს იყო, 2016, 2019, 2024 წელი და 2025 წლის პირველი სამი თვე. ოთხივე წელში გაზრდილია სხვა გადასახადების ნაწილი, კონკრეტულად წინასწარ გადახდილი გადასახადების ნაწილში”, – ამბობს დავით პაპიაშვილი.
იგი ასევე განმარტავს, რომ სხვა გადასახადების სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, 261.2%-ს შეადგენს, შესაძლოა მსხვილი ბიზნესის მიერ წინასწარ გადახდილი გადასახადებით იყოს შევსებული.
“სხვა გადასახადები არის გადასახადის გადამხდელების მიერ წინასწარ გადახდილი გადასახადი. ეგეთი სისტემაა, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადს იხდის და რაც დაიბეგრება ის გადასახადის ნაწილში გადმოდის და დარჩენილი თანხა ეს არის ზედმეტად გადახდილი გადასახადი ( ანუ ეს არის გადასახადი, რომელიც გადახდილი იქნა და არ დაიბეგრა დეკლარაციით) და ისმის კითხვა, რატომ არის ამხელა ასცდება?! გასაგებია,რომ ბიუჯეტი რომ იგეგმება, მათ შორის კვარტლის ბიუჯეტი აქ ზუსტი პროცენტით შესრულება ვერ გვექნება, მაგრამ გადასახადებთან მიმართებაში გადახრა არის და შეიძლება გადახდა იყოს, 2, 3 ან 12%, მაგრამ აქ არის 260% – რატომ?!
არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მსხვილ ბიზნესს შემოსავლების სამსახური უკავშირდება და თხოვნით მიმართავს, რომ თუ არის საშუალება გადაიხადოს გადასახადი, რადგან არის რაღაცა თანხის მობილიზების პრობლემა ბიუჯეტში. ასეთი შემთხვევები ყოველთვის არ ხდება და ძალდატანებითი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ეს გარკვეული პერიოდულობით ხდება. ის გადასახადები, რომელიც დაიბეგრა დეკლარაციით გეგმა ვერ შესრულდა და თანხის მობილიზება მოხდა ავანსად გადახდილი თანხებიდან.
მთავარი კითხვაა, ამ გადამხდელებმა ზედმეტად გადახდილი გადასახადები თავისი ნებით გადაიხადეს თუ ეს იყო თხოვნა. ამ ბიუჯეტის შესრულება რეალურად მოხდა თუ ეს იყო ნაკარნახევი შემოსავლების სამსახურის მხრიდან. ფაქტია, რომ დაბეგრილი გადასახადების ნაწილში გეგმა ვერ შესრულდა და თანხის მობილიზება მოხდა წინასწარ გადახდილი გადასახადების ნაწილში და საინტერესოა, ეს დაემთხვა თუ არა.
ასევე, 2016 წლიდან მოყოლებული, აღმოვაჩინე 4 წელი, სადაც იყო გადასახადის ნაწილში თანხების მობილიზების პრობლემა, ისევე როგორც ამ წელს. ეს იყო, 2016, 2019, 2024 წელი და 2025 წლის პირველი სამი თვე. ოთხივე წელში გაზრდილია სხვა გადასახადების ნაწილი, კონკრეტულად წინასწარ გადახდილი გადასახადების ნაწილში“, – განაცხადა დავით პაპიაშვილმა.