ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, OECD ყოველწლიურ ანგარიშს აწარმოებს, თუ როგორ განსხვავდება მასწავლებლის ანაზღაურება სხვადასხვა სახელმწიფოში და რას ამბობს ეს მათ საგანმანათლებლო სისტემებზე.
შვეიცარია – $73,600 -$95,600
იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც მასწავლებლის ანაზღაურება ყველაზე მაღალია, შვეიცარია ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, საშუალო სკოლის მასწავლებლის კომპენსაცია 71,500 ფრანკიდან იწყება, რაც ბონუსებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასაც მოიცავს. შვეიცარიაში პედაგოგის ხელფასი გამოცდილების მიხედვით იზრდება და 90,000 ფრანკს აღემატება, 20-წლიანი გამოცდილების შემთხვევაში კი, OECD-ის დათვლით, 95,600 დოლარს აღწევს.
ლუქსემბურგი – $71,600-$141,000
70,000 დოლარს აღემატება მასწავლებლის წლიური ანაზღაურება ლუქსემბურგშიც. კერძოდ, ბაკალავრის ხარისხის მქონე მასწავლებლის საბაზისო კომპენსაცია აქ წლიურად 71,600 დოლარს აღემატება, 10-წლიანი გამოცდილების შემთხვევაში 21,000 ათასი დოლარით, ხოლო 15-წლიანი გამოცდილების შემთხვევაში 31,000 დოლარით იზრდება. 30 წლის შემდეგ კი საბაზისო ხელფასი თითქმის ორმაგდება და 141,00 დოლარს აღწევს. მაგისტრის ხარისხის მქონე მასწავლებლებისთვის კომპენსაცია კიდევ უფრო მაღალია.
გერმანია – $70,400-$110,700
საშუალო სკოლის მასწავლებლის ანაზღაურება თვეში 4,700 დოლარს აღწევს გერმანიაში, სადაც პედაგოგის კომპენსაცია მის გამოცდილებაზეა დამოკიდებული და შესაბამისად იზრდება. OECD-ის თანახმად გერმანიაში მასწავლებლის სახელფასო დიაპაზონი 70,400 დოლარიდან 110,700 დოლარამდეა, რასთან ერთადაც გერმანულ სკოლაში დასაქმებულები ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა ბენეფიტებსაც იღებენ.
დანია – $53,300-$65,500
დანიაში, რომელიც ძლიერი სოციალური პროგრამებიტაა ცნობილი, მასწავლებლებს მაღალ ხელფასთან ერთად, კარგ სამუშაო პირობებსაც სთავაზობენ. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურების მასწავლებლისთვის ევროპის ამ ქვეყანაში საბაზისო ანაზღაურება 53,000 დოლარს აღემატება, მაღალ საფეხურებზე კი 50,400 დოლარზე მეტია და, პედაგოგის გამოცდილების მიხედვით, ხშირად 65,500 დოლარსაც აღწევს.
ავსტრია – $49,600-$102,100
49,600 დოლარიდან იწყება მასწავლებლის წლიური საბაზისო ანაზღაურება ავსტრიაში და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, 102,100 დოლარსაც აღემატება. ავსტრიაში მასწავლებლის ხელფასი როგორც მის გამოცდილებაზე, ასევე სკოლის მდებარეობაზეა დამოკიდებული და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც, მაგალითად, ვენაა, მათი ანაზღაურება უფრო მაღალია. ამასთან, ავსტრიაში მასწავლებლები ხშირად სარგებლობენ მე-13 და მე-14 ხელფასით.
იმ ქვეყნების ათეულში, სადაც OECD-ის თანახმად მასწავლებელთა ანაზღაურება ყველაზე მაღალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, თურქეთი, შეერთებული შტატები და ესპანეთიც ხვდებიან.
OECD-ის ქვეყნებს შორის მასწავლებლის ანაზღაურება ყველაზე დაბალი უნგრეთსა და სლოვაკეთში, სადაც მათი მაქსიმალური წლიური ხელფასი, შესაბამისად, 30,600 და 21,600 დოლარია. OECD-ის მიღმა დარჩენილ ევროპულ ქვეყნებს შორის დაბალი ანაზღაურებაა ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში.
მიმოხილვაც ადასტურებს, რომ ქვეყნებში, სადაც მასწავლებლების ხელფასი მაღალია, საგანმანათლებლო სისტემა უფრო გამართულია, აკადემიური ბრწყინვალებისკენ სწრაფვა კი – მაღალი. ხელფასი განათლების სექტორში საქმიანობის გასაგრძელებლად მთავარი მოტივატორი შეიძლება არ იყოს, თუმცა კონკურენტული ხელფასი პროფესიის მდგრადობას და საზოგადოებრივ აღქმებს აყალიბებს.