ლეო XIV რომის 267-ე პაპი გახდა.
რობერტ პრევოსტი 69 წლის არის და ჩიკაგოში დაიბადა, ის 2023 წლამდე ეპისკოპოსად პერუში მსახურობდა, როდესაც ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად აკუთხა. 2025 წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა. პირველი კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა – კვამლი შავი იყო. დღეს, 8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა კი აჩვენა, რომ კოლეგიამ რომის ახალი პაპი აირჩია.
კონკლავმა პაპი მეოთხე სესიაზე აირჩია.
გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას – URBI ET ORBI – ქალაქსა და ქვეყნიერებას.
ახალი პაპის არჩევისთანავე დასრულდა Sede Vacante, ანუ წმინდა პეტრეს საყდრის ვაკანტურობის პერიოდი. პეტრეს საყდარზე ზის მისი ახალი მემკვიდრე.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.