რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა. ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა. “ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს, გარდაცვალების შესახებ. დღეს დილით, დილის 7:35 საათზე, რომის პაპი ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. მან გვასწავლა, რომ სახარების ღირებულებები ერთგულებით, გამბედაობითა და საყოველთაო სიყვარულით გვეცხოვრა, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბებისა და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების სასარგებლოდ”, — ნათქვამია განცხადებაში. 14 თებერვალს პაპი ბრონქიტის სამკურნალოდ საავადმყოფოში მოათავსეს. შემდგომ დღეებში ვატიკანმა განაცხადა, რომ მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა და რომ მას სისხლის გადასხმა ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც ანალიზებმა აჩვენა, რომ სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე ჰქონდა, რაც ანემიასთან ასოცირდება. 22 თებერვალს ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა “ხანგრძლივი რესპირატორული კრიზისის” შემდეგ. მეორე დღეს ვატიკანმა განაცხადა, რომ ფრანცისკეს თირკმლის “საწყისი, მსუბუქი” უკმარისობა აღენიშნებოდა. შემდგომ დღეებში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა წმინდა პეტრეს მოედანზე, რათა მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცათ, სხვები კი რომის საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც ის იმყოფებოდა, რათა ყვავილები და ბარათები დაეტოვებინათ. ის საავადმყოფოში თვის ბოლომდე დარჩა, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა რთულად რჩებოდა. 6 მარტს, მისი ხმა პირველად გაისმა საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ აუდიო შეტყობინებაში, სადაც მან მადლობა გადაუხადა კეთილისმსურველებს და დაამატა: “მე თქვენთან ვარ”. კვირას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ, ის აღდგომის კვირას გამართულ წირვაზე შეკრებილ ხალხს, მიესალმა პაპად არჩევამდე, ფრანცისკე იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი. 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
