“როცა პროექტში კარგი ფასია, არც ვადაში და არც ხარისხში პრობლემები არაა”- ბიზნესი ტენდერებში ინდ

“როცა პროექტში კარგი ფასია, არც ვადაში და არც ხარისხში პრობლემები არაა”- ბიზნესი ტენდერებში ინდ

“როცა პროექტში კარგი ფასია, არც ვადაში და არც ხარისხში პრობლემები არაა”- ბიზნესი ტენდერებში ინდექსაციის აუცილებლობაზე საუბრობს

სახელმწიფო ტენდერებში არსებული ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემური ბოლო პერიოდია გახდა. ფასები ბაზარზე იმდენად სწრაფად ცვალებადია, ხშირად სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი შეფასება კონკრეტული პროექტის ფასებთან მიმართებით რეალობასთან შეუსაბამოა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინდექსაციის მექანიზმი არსებული გამოწვევის საპასუხოდ როგორც შემსყიდველისთვის ისე მიმწოდებლისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, თუმცა მას საბიუჯეტო პროექტების შემსყიდველების დიდი ნაწილი მაინც ნაკლებად იყენებს.

ირაკლი გიორგობიანის შეფასებით, ამ პუნქტის გამოყენება რისკების გადაზღვევის საშუალებაა, როცა სამშენებლო მასალების ფასი და დასაქმებულთა ხელფასები, როგორც შემსყიდველისთვის, ისე მიმწოდებლისთვის იზრდება. მისივე თქმით, ეს საშუალება გრძელვადიანი პროექტების შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.

“მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამშენებლო მასალების ფასს უჭირავს, მას მოსდევს ადამიანური რესურსი და მანქანა დანადგარები. რთულია წინასწარ განსაზღვრო 6 თვით ადრე გათვალო რა ფასი იქნება მაგალითად სამშენებლო მასალაზე. ინდექსაცია ძალიან კარგი მოვლენა იყო, თუმცა ერთჯერადი იყო და იმედი მაქვს რომ ეს პრაქტიკა დაინერგება. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც გრძელვადიან პროექტებში, რომლის ვადიანობაც 12-18 თვეს აღემატება, აუცილებლად მონაწილეობს ინდექსაცია და ვრცელდება გარკვეული ხარჯთაღარიცხვის მუხლებზე. მე მგონია, რომ სექტორი და ინდუსტრია მისულია იმ კონსესუსამდე რომ აქ გარკვეული გადაწყვეტილება მისაღებია. არის მაგალითები, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ინდექსაციას, თუმცა არის სახელმწიფო ორგანიზაციები, სადაც ეს პრაქტიკა არ არის.

ყველას ინტერესია, რომ პროექტი დაგეგმილ ბიუჯეტში და ვადაში შესრულდეს. იმისთვის, რომ ან ერთში ან მეორეში აცდენა არ გვქონდეს. ყველაზე კარგი გარანტია არის ფასი. როდესაც პროექტში კარგი ფასია, არც ვადაში და არც ხარისხში პრობლემები არ არის. ამიტომ მგონია, რომ როგორც შემსყიდველისთვის, ისე მიმწოდებლისთვის საერთო ინეტერეს წარმოადგენს ინდექსაცია. თუნდაც უცხოური დაფინანსების პროექტების პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში რომ გადმოვიტანოთ, მგონია, რომ ეს საკითხით მოგვარდება,” – ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი.

ცნობისთვის: ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით პრობლემის მოიგვარების გზა ფასთა ინდექსაცია შეიძლება იყოს, რომლის ამოქმედების გადაწყვეტილება ერთჯერადად მთავრობამ 2022 წელს მიიღო. . ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *