“ასევე გადავხედავთ ვიზის გაცემის კრიტერიუმებს, რათა უფრო დავხვეწოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან და ჰონკონგიდან შემოსული ვიზის განაცხადების შემოწმება”, – ამბობს რუბიო.
როგორც Politico წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩინელი სტუდენტების მიზანში ამოღება აჩვენებს როგორ დაძაბულია აშშ-ჩინეთის ურთიერთობები. ამ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას კი გავლენა აქვს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან საგანმანათლებლო კავშირებზე.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუდენტები ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ხშირად ისინი ამერიკის მოქალაქეებზე მაღალ გადასახადსაც იხდიან.
გასულ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ სასწავლებელს, ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერა. ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა უნივერსიტეტი დაადანაშაულა ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირში. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს გაუყინა ორ მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსება მას შემდეგ, რაც სასწავლებელმა უარი თქვა ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნის შესრულებაზე. მათ შორის იყო სტუდენტების და თანამშრომლების შეხედულებების აუდიტი.