რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის მომხრე კანდიდატმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის მომხრე კანდიდატმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა კანდიდატმა და ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. მან ხმების 53,6% მოაგროვა, მემარჯვენე ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა კი — 46,4%.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში სიმიონმა ორჯერ მეტი ხმა მიიღო, მეორე ტურში დანმა მეტოქეს თითქმის მილიონი ხმით აჯობა. გამარჯვების შემდეგ მან მხარდამჭერებს მიმართა სიტყვებით: „ეს თქვენი გამარჯვებაა“, ხოლო ხალხი სკანდირებდა: „რუსეთო, არ დაგავიწყდეს, რუმინეთი შენი არ არის“.

მათემატიკოსი დანის კამპანიის ძირითადი თემები იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინის მხარდაჭერა და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა.

მისი მოწინააღმდეგე ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აანონსებდა. მას მხარს უჭერდა ულტრამემარჯვენე კალინ გეორგესკუ — პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვისადმი სიმპათიითაა ცნობილი.

4 მაისს გამართულ პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ნიკუშორ დანმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, ხმების 20,99%-ით, მეორე ადგილი დაიკავა.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ 18 მაისს ჩატარდა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ბათილად ცნო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსული კოორდინირებული ონლაინ კამპანიის შესახებ, რომელიც მიზნად კალინ ჯორჯესკუს გამარჯვებას ისახავდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *