რუსეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა – გიორგი ქობულია

რუსეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა – გიორგი ქობულია
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლო შედეგი არის თუ ჩვენ გვექნება კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან – მსხვილ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენს საზღვართან იმყოფება. ქობულიამ ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” განაცხადა.

გადაცემა 9 აპრილს ჩაიწერა, ამიტომ შუა დერეფანზე, ტურიზმზე, ანაკლიის პორტზე და სხვა თემებზე საუბრის დაწყებამდე, წამყვანმა ქობულიას ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი მტერი.

ელენე კვანჭილაშვილი: ამ გადაცემას 9 აპრილს ვწერთ, ამიტომ დავიწყებ ამ კითხვით – რუსეთი მტერია?

გიორგი ქობულია: “ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს ტრაგიკული დღეა და ჩვენ, ყოველთვის უნდა გვქონდეს იმ ხალხის ხსოვნა, ვინც ამ დღეს შეეწირა და ეს არის თარიღი, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.

ჩვენ, ჩემი აზრით, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. რუსეთი არსად წასვლას არ აპირებს. ისევე, როგორც არსად წასვლას არ ვაპირებთ ჩვენ. ამიტომ, ჩემი აზრით ჩვენ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური და თუნდაც მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან. დღეს ჩვენ, როგორც ვიცით რუსეთს ჰყავს თავისი ჯარები შეყვანილი ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა ობიექტურად რუსეთი არის ოკუპანტი იმიტომ, რომ მას ჰყავს ჯარები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ, როცა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ.

ჩვენ თუ გვინდა გამოვიდეთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, როცა გვყავს ასეთი ძლიერი და საკმაოდ აგრესიული მეზობელი, როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს ეგონოს, რომ მტრის და ოკუპანტის ძახილი მიგვიყვანს ჩვენთვის სასარგებლო შედეგამდე. ჩვენ, ვერ მივალთ ჩვენთვის სასარგებლო შედეგამდე, თუ ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებას”, – განაცხადა ქობულიამ.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა არის სასარგებლო შედეგი საქართველოსთვის, ქობულია იმეორებს, რომ “ჩვენი სასარგებლო შედეგი არის თუ ჩვენ გვექნება კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ასეთ მსხვილ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენს საზღვართან იმყოფება”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *