“გულსაკლავი სცენები სუმიდან დღეს დილით, როდესაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ. რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“ , – წერს X-ზე კაია კალასი.
Heartbreaking scenes from Sumy this morning as residents gathered for Palm Sunday only to be met by Russian missiles.
Horrific example of Russia intensifying attacks while Ukraine has accepted an unconditional ceasefire.
My thoughts are with the Ukrainian people today.
— Kaja Kallas (@kajakallas) April 13, 2025
ამ განცხადებამდე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ. მისი თქმით, რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს.
“რუსული ბალისტიკური რაკეტების საშინელი დარტყმა სუმზე. მტრის რაკეტებმა დაარტყა ჩვეულებრივი ქალაქის ქუჩას, ჩვეულებრივ ცხოვრებას: სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ქუჩაში მანქანებს… და ეს ხდება იმ დღეს, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე.
წინასწარი მონაცემებით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ ასე მოქცევა – უბრალოდ ადამიანებს სიცოცხლე წაართვან. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სერვისი მუშაობს.
მსოფლიოს მხრიდან ძლიერი რეაგირებაა საჭირო – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, მსოფლიოში ყველასი, ვისაც ამ ომისა და მკვლელობების დასრულება სურს. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. მოლაპარაკებებმა ვერასდროს შეაჩერა ბალისტიკური იარაღი და საჰაერო ბომბები. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთან ერთადაა და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში“, – წერს ზელენსკი.