რუსული უწყების ცნობით, გადაწყვეტილება სომხეთის მხრიდან სისტემურ დარღვევებსა და სათანადო რეაგირების არარსებობით არის განპირობებული. მათ შორის, რუსული მხარე მიუთითებს, რომ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატებში ხშირად დაუზუსტებელია ყვავილების წარმომავლობა.
რუსული მხარის ინფორმაციით, სომხეთიდან ექსპორტისას ყვავილები ხშირად სათანადო კონტროლს არ გადის. 2025 წელს დაფიქსირდა 18 შემთხვევა, როდესაც იმპორტირებულ ყვავილებში საკარანტინო მავნებელი — დასავლური (კალიფორნიული) ტრიპსი აღმოჩნდა. ასევე, რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთის სერტიფიკატები მითითებული ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთში სომხეთიდან ყვავილების იმპორტი თითქმის 50%-ით გაიზარდა და 52 მილიონ დოლარს მიაღწია.
მედია წერს, რომ რუსეთი სომხეთის შესაბამის უწყებას სთხოვს, გაამკაცროს კონტროლი ექსპორტიორებზე და დროებით შეაჩეროს სერტიფიკატების გაცემა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ყვავილების ექსპორტის გამოცდილება არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დამატებით შეზღუდვებსაც აამოქმედებს.
აღსანიშნავია, ხშირად „როსსელხოზნადზორს“ რუსეთი პოლიტიკურ მექანიზმად იყენებს. მაგალითად, რუსეთში დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზების შეტანა ე.წ. არჩევნების წინ 22 თებერვლიდან იყო აკრძალული, რუსული მხარე მცენარეში პარაზიტის არსებობას იმიზეზებდა. არჩევნების შემდეგ კი, შეზღუდვა მოიხსნა.
თუმცა შეგახსენებთ, სომხეთი საქართველოში ყვავილების მთავარი იმპორტიორია ეკვადორის შემდეგ. საიდანაც გასულ წელს ჯამში 3,2 მლნ აშშ დოლარის ყვავილი შემოვიტანეთ.
6 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 10 000 ცალი მოჭრილი ყვავილები მებაჟეებმა უკან გააბრუნეს. მიზეზად კი ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა, რაც მცენარეებზე მავნე მწერების დაზიანებით გამოიხატებოდა.
სომხეთის სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების საინსპექციო ორგანოს ინფორმაციით კი, საქართველოში ექსპორტირებული 11 000 ყვავილიდან, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტიდან სომხეთში მხოლოდ 700 ცალი ყვავილი დააბრუნეს, 10 300 კი ქართულ ბაზარზე შემოვიდა..