უკრაინის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმის დროს 14 ბალისტიკური რაკეტა და 250 დრონი გამოიყენა.
თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში აღნიშნა, რომ მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად საერთაშორისო სანქციების წნეხის გაძლიერებაა საჭირო.
თავდასხმის დროს დაინგრა რამდენიმე შენობა-ნაგებობა, ქალაქში ისმოდა განგაშის სიგნალიც, რომელიც მოქალაქეებს ევაკუაციისკენ და უსაფრთხო თავშესაფარში წასვლისკენ მოუწოდებდა. ოფიციალური უწყების ცნობით, ზარალი ფიქსირდება დედაქალაქის ექვს რაიონში.
თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პარასკევს, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, რაც ტრამპის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა ყოფილიყო და, აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, მოვლენების უფრო პოზიტიური განვითარების საწინდარი. თუმცა მოსკოვი და კიევი ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი არასერიოზულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
მედიის თანახმად, კიევზე თავდასხმა, სავარაუდოდ, პასუხი იყო რუსეთში, მათ შორის მოსკოვზე მიტანილი უკრაინული იერიშისა, რომელიც კიევმა რამდენიმე დღის წინ განახორციელა. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩებოდა.