ექსპერტების ვარაუდით, რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდის შესაძლო დანიშვნა მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რათა რუსეთის და ჩინეთის დაკავშირება და დაახლოება არ დაუშვას. თავდაპირველად, რიჩარდ ნორლანდის შესახებ ინფორმაცია რუსულმა “კომერსანტმა” გაავრცელა. ის გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც წლების განმავლობაში დიპლომატად უმუშავია, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, ავღანეთში, ლიბიასა და ლატვიაში.
საინტერესოა, რომ რუსეთთან ნორლანდს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. 1988-1990 წლებში ნორლანდი მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოში პოლიტიკურ ოფიცრად მუშაობდა — იმ დროს, სსრკ-ის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი იყო. მოგვიანებით ის გაეგზავნა პენტაგონში, თავდაცვის მდივნის ოფისში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობდა. 1993 წელს ნორლანდი იყო აშშ-ის წარმომადგენელი და მოქმედი მისიის ხელმძღვანელი ეუთოს მისიაში საქართველოში, სადაც იგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში მონაწილეობდა. მოგვიანებით, მსგავსი მისიით ეწვია ჩეჩნეთსაც.