რუსლან ხოროშვილი EY-ის უზბეკეთის ოფისს უხელმძღვანელებს

რუსლან ხოროშვილი EY-ის უზბეკეთის ოფისს უხელმძღვანელებს

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-ის განცხადებით, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან უზბეკეთში კომპანიის მმართველ პარტნიორად ქართველი მენეჯერი, რუსლან ხოროშვილი დაინიშნება. ქართველ მენეჯერს აუდიტის და ფინანსურ სექტორში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 წლიდან დღემდე ის EY-ის ქართულ ოფისს ხელმძღვანელობდა, სადაც საერთაშორისო კომპანია ბაზრის ლიდერად იქცა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რუსლან ხოროშვილის რეგიონული კონტექსტის გააზრება და ფინანსურ სამყაროში არსებული მრავალწლიანი სწორედ ისაა, რის გამოც ის უზბეკეთის ოფისის მმართველ პარტნიორად შეირჩა — ქართველ მენეჯერს კარგად ესმის პოსტსაბჭოთა სივრცის და კონკრეტულად ცენტრალური აზიის უნიკალური გამოწვევები და ხვდება ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს.

„მჯერა, რომ რუსლანის გამოცდილება და რეგიონის კონტექსტის ღრმა ცოდნა მძლავრი მამოძრავებელი ძალა იქნება როგორც უზბეკეთში ჩვენი პრაქტიკის განვითარებისთვის, ასევე ბაზარზე EY-ის პოზიციების გასაძლიერებლად”, — განაცხადა კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში EY-ის მმართველმა პარტნიორმა, ერლან დოსიმბეკოვმა. მისივე თქმით, ცენტრალური აზია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად იქცა და 2025 წლისთვის მშპ-ის საპროგნოზო ზრდა დაახლოებით 5%-ის ტოლია.

დაწინაურების შესახებ კომენტარი ქართველმა მენეჯერმაც გაავრცელა: „უზბეკეთი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე შედის. ინვესტორთა ნდობის ზრდა, ინდუსტრიების გაფართოება და რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერება ქმნის მოთხოვნას გამჭვირვალე და სანდო ფინანსურ ანგარიშგებაზე. მჯერა, რომ ჩვენი მომსახურება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ზრდის ხელშეწყობაში — კორპორაციული მმართველობის გაძლიერებით, რეგულაციებთან შესაბამისობით და ნდობის ზრდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან.“

ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსახლიან ქვეყანაში Ernst & Young-ის პირველი ოფისი 1995 წელს გაიხსნა — იმ დროს, ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია იყო, რომელმაც ტაშკენტში ოფისი გახსნა. ამჟამად ტაშკენტის ოფისში 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებიც ემსახურებიან, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კომპანიებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, ტელეკომუნიკაცია, სამთო მოპოვება, წარმოება და ტურიზმი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *