რძის წარმოება სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ აქტივობებშიც. 1960-იანი წლებიდან დღემდე, რძის გლობალური წარმოება თითქმის გასამმაგდა და 2023-24 წლებში 667 მილიონ ტონას გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს სექტორი ზრდის მომენტუმს შეინარჩუნებს და მსოფლიო წარმადობა 0.8%-ით, 673 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
წარმოების ტენდენციებიც აჩვენებს, რომ რძის პროდუქტების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასურსათო სექტორია. საბანკო-საფინანსო კომპანია Rabobank-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიათა შემოსავალი 0.3%-ით გაიზარდა, ერთი წლით ადრე კი ზრდამ 8.1% შეადგინა. კომპანიის განმარტებით, ასეთი დრამატული სხვაობა რძის პროდუქტების გაიაფებით აიხსნება.
ბოლო ანგარიშგებების თანახმად, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის ევროპული ბრენდები ლიდერობენ, თუმცა რეიტინგში ვხვდებით ჩინურ და ამერიკულ კომპანიებსაც.
#5 – Yili
მეხუთე ადგილს, €16.2-მილიარდიანი შემოსავლით ჩინური კომპანია Yili იკავებს, რომელიც რამდენიმე ათწლეულია ქვეყანაში რძის პროდუქტების ინდუსტრიის უპირობო ლიდერია. კომპანია Yili-ის, Pro Kido-სა და Satine-ის ბრენდების ქვეშ რძესთან ერთად, რძის ფხვნილისა და ნაყინის წარმოებას აერთიანებს.
#4 – Danone
მეოთხე ადგილზე ფრანგული კომპანია Danone-ია, რძის პროდუქტებიდან €18.2 მილიარდიანი შემოსავლით. Danone-ის პორტფოლიო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს, რომელთა შორისაცაა Activia, Evian, Nutricia და სხვა. რძის პროდუქტები კომპანიის შემოსავლებში 52%-იან წილს იკავებს.
#3 – Dairy Farmers of America
მესამე ადგილზეა ამერიკული ორგანიზაცია Dairy Farmers of America, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს €20 მილიარდი შეადგინა. ორგანიზაცია ამერიკულ, საოჯახო ფერმებს აერთიანებს.
#2 – Nestle
მეორე ადგილს საკვები ინდუსტრიის გიგანტი, შვეიცარიული Nestle იკავებს. მხოლოდ რძის პროდუქტების გაყიდვით კომპანიამ 2023 წელს €22.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდრე Nestle საკვებისა და სასმელების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატად ჩამოყალიბდა, 1905 წელს მისი ისტორია Anglo-Swiss Milk Company-ის სახელით დაიწყო.
#1 – Lactalis
რძის პროდუქტების ბრენდებს შორის მოწინავე პოზიციას რამდენიმე წელია ფრანგული Lactalis-ი ინარჩუნებს. 2023 წელს კომპანიის შემოსავალმა €27.9 მილიარდი შეადგინა. Lactalis ათობით დასახელების რძის პროდუქტს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, კომპანიის პორტფოლიოში შედის President-ის, Santal-ისა და Lactel-ის ბრენდებიც.