4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა” თავად იყენებს.
კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. მათი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
ჩირინას ინფორმაციით, 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (13:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ,,სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება.
ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ VS რევაზ ვაშაკიძის „ჩირინა“ – ბიზნესდავის ისტორია მოკლედ
„ყვარლის ბაგა“ რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმაა, რომელიც ბაზრის ლიდერ რძის გადამმუშავებელ კომპანიებს ამარაგებს, ხოლო კომპანია „ჩირინა“ ცნობილი ქართული ბრენდის „ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტების მწარმოებელია.
ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის ბიზნესდავა 5 წლის წინ დაიწყო. ლაშა პაპაშვილმა რევაზ ვაშაკიძეს სასამართლოში იმ მიზეზით უჩივლა, რომ კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილმა, დაახლოებით, 2 700 ტონა ქათმის გადაუმუშავებელმა ნაკელმა, რომელსაც „ყვარლის ბაგა“ საქონლის საკვებად იყენებდა, „პირუტყვის სიკვდილიანობა გაზარდა“, რადგან ქათმის სკინტლი ანტიბიოტიკებს [ტეტრაციკლინს] შეიცავდა.
ორ ბიზნესმენს შორის რუსთავის სასამართლოში დაწყებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა და 2024 წლის 24 დეკემბერს ლაშა პაპაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილებით, „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც 3 მლნ ლარი მიუღებელი შემოსავალია, თუმცა დავა გრძელდება, უკვე სააპელაციო სასამართლოში.