უწყების ცნობით, საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე.
“დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით”, – წერია NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან.
10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.