სად და როგორ დააკავეს ბაჩიაშვილი, ხვალ სასამართლოზე თავად ისაუბრებს – ადვოკატი

სად და როგორ დააკავეს ბაჩიაშვილი, ხვალ სასამართლოზე თავად ისაუბრებს – ადვოკატი
განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო – ის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განცხადებას 29 მაისს გააკეთებს

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული დაზიანებები არ აღენიშნება.

ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა TV პირველს განუცხადა. ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილმა უთხრა, რომ სურს, ყველა დეტალზე თავად ისაუბროს სასამართლოზე, რომელიც ხვალ გაიმართება.

„მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა, მისი სურვილია, ხვალ, როცა მისი სასამართლო პროცესი შედგება (“მტკვარი ჰესის”), თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებით”,- განაცხადა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *