დეველოპერული კომპანია ELT Group-ის კომერციულმა დირექტორმა, ვალერი გურგენიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ გლობალური ბრენდების საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საქართველოს სექტორული განვითარებისთვის სტრატეგიულ როლს ასრულებს.
გურგენიძის თქმით, საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს რეალური შესაძლებლობაა, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტი და წვდომა დარგობრივი ექსპერტიზაზე.
„ჩვენი კომპანიის მისია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პროექტი ევროპულ ბრენდებთან კოლაბორაციით განვახორციელოთ. ასეთი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, საქართველოში მაღალი დონის გამოცდილება და ექსპერტიზა შევიტანოთ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა გურგენიძემ.
მისივე განმარტებით, ტურიზმის სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავაც ქვეყნის ცნობადობაა.
“ჯერჯერობით ცნობადობის პრობლემა გვაქვს, რომ საერთაშორისო მოგზაურმა თავის პირველ არჩევანში საქართველო და ეს რეგიონი დააყენოს. ბრენდები კი, რომლებსაც უამრავი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, ნამდვილად ხელს უწყობენ საქართველოს ცნობადობას.
წარმოიდგინეთ, ამერიკაში ვიზიტისას, კონკურსზე გამარჯვების შემდეგ(საუბარია Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კომპანია დაჯილდოვდა), კვლავ გვიწევდა იმის ახსნა, თუ რომელი ჯორჯიადან ვიყავით. აქ საუბარი მხოლოდ ამერიკელ პარტნიორებზე არ ყოფილა. იქ პარტნიორები იყვნენ მთელი მსოფლიოდან. ამიტომ, საერთაშორისო ბრენდების ქვეყნააში არსებობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს გურგენიძე.
ის ასევე ხაზს უსვამს სერვისის პრობლემას, რომელსაც სექტორი ახლა სწავლობს. მისი თქმით, თუ მომსახურების ხარისხი დაბალი იქნება, ტურისტი, შესაძლოა, აღარასდროს დაბრუნდეს, მიუხედავად განხორციელებული ინვესტიციებისა.
„შეიძლება კერძო სექტორმა ან სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადოს და ტურისტი მართლაც ჩამოიყვანოს, მაგრამ თუ მომსახურების ხარისხი დაბალია – ის მეორედ აღარ დაბრუნდება. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი customer journey-ის ექსპერტიზა, რაც ძლიერ ბრენდებს აქვთ. ამას ახლა ვსწავლობთ“, – განაცხადა ELT Group-ის კომერციულმა დირექტორმა.