„საერთაშორისო გამოწვევებისთვის მზად ვართ“ – „დეილი ჯგუფი“ საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს

“დეილი” უზბეკეთის ბაზარზე გავიდა – ტაშკენტში პირველი სუპერმარკეტი გაიხსნა

„საერთაშორისო გამოწვევებისთვის მზად ვართ“ – „დეილი ჯგუფი“ საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს

„დეილი ჯგუფი“ ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში შესვლის შემდეგ საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს და ტაშკენტში პირველი სუპერმარკეტის გახსნის შემდეგ, რეგიონში ახალი ქვეყნის ათვისებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა აკაკი ბერაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს კომპანია მის მიერ დეკემბერში შეძენილი ფრანგული Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის რებრენდინგზე მუშაობს, რათა ზაფხულისთვის 33 მაღაზია უზბეკეთში „დეილის“ ბრენდით იყოს წარმოდგენილი. შედეგად ქართული საცალო ქსელის ბრენდით უზბეკეთში ზაფხულისთვის 34 მაღაზია იქნება წარმოდგენილი. პარალელურად კომპანია სხვა ქვეყნების მიმართულებით გაფართოებას გეგმავს, თუმცა აკაკი ბერაია არ აკონკრეტებს – რომელ ქვეყანაში გამოჩნდება Daily-ს სუპერმარკეტები.

“უზბეკეთი პირველი ქვეყანა იყო, თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს. კონკრეტული ქვეყანა შერჩეულია, რომელზეც მიდის მოლაპარაკებები, სადაც Daily ახლო მომავალში გამოჩნდება, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. განვითარებისა და საერთაშორისო გამოწვევებისთვის მზად ვართ და საერთაშორისო ბაზრების ექსპანსიას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა კომპანიის საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ქართულმა საცალო ქსელმა დეილიმ“ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ექსპანსია დაიწყო და ბრენდი ექსპორტზე უზბეკეთში გაიტანა. „დეილის“ პირველი სუპერმარკეტი 2025 წლის 31 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიხსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კომპანიამ 2024 წლის დეკემბერში, ფრანგული Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ახლად გახსნილი სუპერმარკეტი ამ ქსელის რიგით 34-ობიექტია ტაშკენტში.

საქართველოს FMCG სექტორში „დეილი ჯგუფი“ წამყვანი საცალო ვაჭრობის კომპანიაა. ის ქვეყნის მასშტაბით 1 700-მდე მაღაზიას მართავს, ყოველდღიურად 650,000 მომხმარებელს ემსახურება და ორგანიზებული საკვები პროდუქტების საცალო ბაზრის 31%-ს ფლობს. ჯგუფში შედის შვილობილი კომპანია „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორებიცაა „ზედაზენი“, „RS კოლა“, „მილერი“ და სხვები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *