ამ დროისთვის, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი 20 საშუამავლო კომპანიას აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების ბაზაში არსებული ინფორმაციით, ამ კომპანიების უმეტესობა დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, კომპანიების რეგიონული განაწილება ასეთია:
- თბილისი – 11
- იმერეთი (ქუთაისი) – 8
- კახეთი – 1
აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი გაზრდილია, რამდენადაც სამთავრობო პროგრამების შესრულებაზე მოხსენების თანახმად, რომელიც 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, სულ 13 საშუამავლო კომპანიას ჰქონდა სერტიფიკატი.
საკანონმდებლო ცვლილება, რის შედეგადაც საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები ამოქმედდა, 2023 წელს შევიდა ძალაში. კერძოდ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება.
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან წელიწადში ორჯერ წარადგინონ შესაბამისი ანგარიშები მათ საქმიანობაზე. მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანიების მიერ შესაბამის პერიოდში წარდგენილი ინფორმაციით, მათ მიერ საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 1 086 მოქალაქე.