საიდან შეიძინა ევროპამ საწვავი 2024 წელს?

OPEC-ის მოთხოვნის მიუხედავად, ყაზახეთი ნავთობის მიწოდებას არ ამცირებს
რუსულ საწვავზე მოთხოვნა ევროპის ბაზარზე 2024 წელს კიდევ უფრო შემცირდა. მის ნაცვლად სიის სათავეში ნორვეგია, შეერთებული შტატები და ნავთობითა და გაზით მდიდარი სხვა აზიური თუ აფრიკული ქვეყნები მოექცნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე, ევროპულმა ქვეყნებმა სრულად შეცვალეს ძველი ტაქტიკა და საწვავის მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაიწყეს. გასული წლის მონაცემებიც ამას ადასტურებს.

2024 წელს ევროპამ ყველაზე დიდი ოდენობით თხევადი გაზი, საშუალოდ 30-35% ნორვეგიისგან მიიღო. მას მოჰყვება შეერთებული შტატები, რომელიც გაზის საერთო მოთხოვნის 1/4-ის დაკმაყოფილებას გემით ტრანსპორტირებადი გათხევადებული ბუნებრივი აირით ახერხებს. სიაში ისევ რჩება რუსეთი 10%-იანი მაჩვენებლით, თუმცა თუ ის 2021 წელს ევროპას გაზის 45%-ს აწვდიდა, ახლა ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ალჟირი და კატარი, რომელთაგანაც ევროპა საერთო მოთხოვნის 20%-ს ავსებს.

ალჟირი ევროპას არამარტო გაზით, არამედ ნავთობითაც ამარაგებს, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილო აფრიკული ქვეყნის მიერ მიწოდების მაჩვენებლები 5%-ს არ აღემატება, ის მაინც უსწრებს რუსეთს. არადა, ომის დაწყებამდე ეს უკანასკნელი ევროპის საერთო მოთხოვნის 27%-ს აკმაყოფილებდა. 2024 წლის მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი ოდენობით ნავთობს ევროპა შეერთებული შტატებისგან ყიდულობს (15%). მას მოსდევენ ნორვეგია 12%-ით და საუდის არაბეთი – 10%-ით. 10%-იან ნიშნულს აღწევს ყაზახეთიც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის საშუალებითაც ევროპა გაზისა და ნავთობის მოთხოვნის 5-7%-ს ავსებს, სამხრეთ ევროპის ქვეყნებს საქართველოს გავლით ამარაგებს. ამ კუთხით გამოსაყოფია სამხრეთისა და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენები.

ომის დაწყების შემდგომ ევროპული ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭა დივერსიფიკაციას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიმართულება, რომელზეც ისინი მუშაობენ. განსაკუთრებულ პრიორიტეტად იქცა განახლებადი ენერგიის დანერგვა და სტრატეგიული რეზერვების შევსება. ამ მხრივ ქვეყნებს შორის კონსენსუსი არსებობს, თუმცა რამდენად რეალიზდება ეს სურვილი, ამას მომავალი წლები გვიჩვენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *