კერძოდ, მისივე თქმით, ყოველდღიურად ვხედავთ თუ რა ხდება სასამართლოში და არავის არ შეიძლება ჰქონდეს მოცემულ სიტუაციაში სასამართლოს ნდობა, რომ “ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ”.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მედია, რომელიც ასევე მძიმე დღეშია.
“ჩემზე უფრო კარგად იცით, რა დღეშია დღეს მედია. მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების დიდი შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება. ეს არის ძალიან სერიოზული. ჩვენ ვიცით, თუ რა დღეშია რეგიონული მედია”, – აღნიშნა მან.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში შეკრების თავისუფლება პრაქტიკულად არ არის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“ვინმემ მითხრას სად არის საჯარო სივრცეები, თბილისშიც კი ძნელი მოსაპოვებელია საჯარო სივრცე…. რუსთაველზე თუ გაივლი, გაისეირნებ, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული გასეირნება გამოდის. და სხვა საჯარო და თუნდაც კერძო სივრცეები, დღევანდელი კანონმდებლობით, იმისთვის რომ დაიქირავო დიდი დარბაზი და ყველა არჩევნებს სჭირდება წინასწარ შეკრებები, უნდა მოიპოვო ნებართვა. საჯარო სივრცეები, რომელიც მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით, ის ხომ საერთოდ მიუწვდომელია და იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ცესკო ისეთივეა, როგორიც იყო.
“კანონმდებლობის კუთხით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არათუ რამენაირად გამოასწორებს გაყალბებას, რაც წინა არჩევნებში იყო, არამედ უფრო დამძიმდა ეს. ცესკო ისეთივეა, როგორც იყო. დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იშვიათად მოდიან. ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში დიასპორა არ იღებს მონაწილეობას. ამ პირობებში, ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, შეიძლება რაღაც არ ვიცი. ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არ მოიტანოს იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძვის ამდენი თვეა, იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ციხეში. როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?!“- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.