საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის ₾5 000 დააჯარიმეს. მას 10 აპრილს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ზურაბიშვილი ამ დღეს პროევროპულ აქციებზე დაპატიმრებული პირების დედებთან ერთად მართავდა აქციას.
საჯარიმო ქვითარი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“აქტივისტად მოვინათლე დღეს ! მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”- დაწერა ზურაბიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული აქტიური საპროტესტო აქციების ფონზე მკვეთრად გაზარდა. 30 დეკემბრიდან მათ შორის, გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განისაზღვრა.