ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია განახლებას საჭიროებს, რადგან დოკუმენტში უფლებამოსილებები გაწერილია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან გაუქმებულია ან სხვა სახელწოდებით და სტრუქტურით აგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულმა, შესაძლოა ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, არაეფექტიანი თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების არასათანადო მართვა გამოიწვიოს.
“სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია შინაარსობრივად მოძველებულია, რამდენადაც დამტკიცებულია 2015 წელს და მასში აღნიშნული სახელმწიფო უწყებების ნაწილი გაუქმებულია, რეორგანიზებულია ან ფუნქციონირებს განსხვავებული სახელწოდებებით, რაც ცალკეულ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობებზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას.
მაგალითად, გეგმით მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებია გაწერილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე, რომელიც აღარ არსებობს, სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, რომელიც ამ სახელწოდებით აღარ არსებობს, ენერგეტიკის სამინისტროზე და ა.შ. აუდიტის ჯგუფმა მიმართა EMS-ს, რათა დაეზუსტებინა, რომელ დოკუმენტს იყენებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სახელმძღვანელოდ აუდიტის პერიოდში”, – წერია აუდიტის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია EMS-ის განმარტება, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განახლებული პროექტი მომზადებულია და ვინაიდან, ჯერ არ არის დამტკიცებული, სამსახური ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული გეგმით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოძველებულია, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს.