“ქართული ოცნების” მთავრობამ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
დღეს გამოქვეყნებულ დადგენილებაში განსაზღვრულია ყველა ტიპის სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები.
დადგენილება, გარდა რეგლამენტის II თავისა, რომელიც სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებს შეეხება, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო II თავი – 2026 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, დამსაქმებელი უფლებამოსილია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
სამუშაო მოწყობილობებში მოიაზრება სამუშაო სივრცესა და ადგილზე გამოყენებული ნებისმიერი მანქანა-დანადგარი, აპარატურა, ხელსაწყო ან მოწყობილობა, ხოლო სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებში ერთიანდება: მოძრავი მოწყობილობა, ჩანგლიანი დამტვირთველი, თვითმავალი მოწყობილობა, ტვირთამწე მოწყობილობა, ტვირთამწე სტაციონარული მოწყობილობა, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი მოწყობილობა, სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა.
რეგლამენტის თანახმად, დამსაქმებელთა ზოგადი ვალდებულებები ასეთია:
1. დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს დასაქმებულები/სხვა პირ(ებ)ი ისეთი სამუშაო მოწყობილობებით, რომლებიც შეესაბამება ან მიესადაგება შესასრულებელ სამუშაოს და შესაძლებელია დასაქმებულთა ან/და სხვა პირთა მიერ მათი გამოყენება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
2. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამსაქმებელმა სამუშაო მოწყობილობების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოს სპეციფიკური სამუშაო პირობები, მახასიათებლები, არსებული და სხვა დამატებითი საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს საწარმოში/ორგანიზაციაში, სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას.
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრულად დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
4. სამუშაო მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
5. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამასთან, რეგლამენტის შესაბამისი მუხლები არეგულირებს სამუშაო მოწყობილობების შემოწმებასთან, ასევე დასაქმებულებისა და სხვა პირების ინფორმირებასთან, სწავლებასთან და ა.შ. დაკავშირებულ საკითხებს.
სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება, მათ შორის მოიცავს ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობასთან და ტვირთამწე სტაციონარულ სამუშაო მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნებს, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული მოთხოვნებს, ასევე, სიმაღლეზე სამუშაოების დროს ხარაჩოებისა და კიბეების გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნებს.