სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, რუსებმა სუმში მიკროავტობუსს დაარტყეს – დაიღუპა 9 ადამიანი

სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, რუსებმა სუმში მიკროავტობუსს დაარტყეს – დაიღუპა 9 ადამიანი
სუმის რეგიონში სამგზავრო ავტობუსზე რუსული დრონის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 4 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, როცა მოსკოვსა და კიევს შორის, წლების შემდეგ, პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.

„ეს მხოლოდ მორიგი დაბომბვა არ არის – ეს არის ცინიკური საომარი დანაშაული”,- ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუმის რეგიონში იერიში უკრაინული სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილზე განხორციელდა.

პარასკევს თურქეთში გამართულმა შეხვედრამ რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ მოიტანა. ეს იყო პირველი პირდაპირი დიალოგი ომის დაწყების შემდეგ, რომელიც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტკაჩენკომ, Telegram-ზე დაწერა, რომ ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

უკრაინის პოლიციამ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს თითქმის განადგურებული მუქი ლურჯი სამგზავრო მიკროავტობუსი – მანქანას აქვს ჩამოხსნილი სახურავი და დაზიანებული ფანჯრები.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 16 მაისს სტამბოლში, უკრაინელი და რუსი დელეგატები ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, რომელიც 2 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წამოაყენა “არარეალური” მოთხოვნები, რომლებიც სცილდება “ყველაფერს, რაც კი ოდესმე განიხილებოდა”. ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს უკრაინის ჯარების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *