საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უარყოფს მოსაზრებას თითქოს მისი სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში რაიმე ფორმით უკავშირდება ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ დაწყებულ ოპერაციას. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ „სიენენის“ ჟურნალისტ ანდერსონ კუპერს განუცხადა.
„ირანში ბირთვული შემოწმების შესახებ ანგარიში ძნელად თუ შეიძლება, გახდეს სამხედრო მოქმედების საფუძველი. სამხედრო მოქმედება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ჩვენ ვამბობთ“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის დიდი ნაწილი „არსებითად სიახლეს არ წარმოადგენდა“ და, რომ ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი ორგანო წლების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ ირანი უარს ამბობდა თავისი ბირთვული საქმიანობის შესახებ მონაცემების გაზიარებაზე.
„ამ ანგარიშში მე ასევე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი მინიშნება, რომ ირანში არსებობს ბირთვული იარაღის წარმოების სისტემური პროგრამა“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის სააგენტო მხოლოდ იმაზე ავრცელებს ინფორმაციას, რისი გადამოწმებაც თავად შეუძლია და, რომ სპეკულაციებით დაკავებული არ არის.