სამ წელიწადში 160 ტონამდე ნუშის ექსპორტს შევძლებთ – “ივრის ფერმები”

სამ წელიწადში 160 ტონამდე ნუშის ექსპორტს შევძლებთ – “ივრის ფერმები”

„ივრის ფერმების” დირექტორის თქმით, კომპანია სამ წელიწადში 160 ტონამდე ნუშის ექსპორტს შეძლებს.

კომპანია „ივრის ფერმები”, რომელიც კახეთში 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს. კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია – სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.

კომპანიის ნუშის ბაღების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.

„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნინო ცხადაიამ.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *