გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან ვიღაცას არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა კონფერენცია იმართებოდა. სკოლის ეზოს შესასვლელთან პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.
34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებულთა მხარდამჭერები სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობასთან.
სწორედ კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა გვრიტიშვილმა მედიისთვის კომენტარი.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სანქცირებული არიან როგორც ევროკავშირის ასევე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბოლოს, 2 აპრილს იდმა ბრიტანეთმა “სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.