სასამართლომ ტრამპის მიერ კლიმატის გრანტების გაყინვა შეაჩერა

სასამართლომ ტრამპის მიერ კლიმატის გრანტების გაყინვა შეაჩერა
როდ-აილენდის საოლქო სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაეყინა მილიარდობით დოლარის ოდენობის გრანტები კლიმატთან დაკავშირებული პროექტებისთვის, რადგან გრანტის გაცემას, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, კონგრესმა დაუჭირა მხარი.

მოსამართლე მერი მაკელროიმ გამოსცა ბრძანება გარემოს დამცველი ჯგუფების სარჩელის საპასუხოდ, რომელშიც განმარტებული იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკანონოდ ყინავდა უკვე გაცემულ გრანტებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, დაბინძურების შემცირებასა და აშშ-ის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას უნდა მოხმარებოდა.

მოსამართლის განცხადებით, სამთავრობო უწყებებს, როგორებიცაა გარემოს დაცვის სააგენტო, არ აქვთ შეუზღუდავი უფლებამოსილება, გააგრძელონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგი ან გააუქმონ კონგრესის მიერ წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებები.

ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ამტკიცებს, რომ ტრამპის ქმედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, რადგან ინვესტიციების დაბლოკვით ადმინისტრაცია ხელს უშლის საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივებს, გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

აღნიშნული მიზნით დაფინანსება კონგრესმა პრეზიდენ ჯო ბაიდენის 2021 წლის “ინფრასტრუქტურის ინვესტიციისა და დასაქმების” აქტისა და 2022 წლის “იფნლაციის შემცირების აქტის” ფარგლებში დაუჭირა. ტრამპმა კი დაფინანსება თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს გაყინა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გადაიხედებოდა თითოეული გრანტი იმაში დასარწმუნებლად, რომ დაფინანსება ტრამპის პრიორიტეტბთანაა თანხვედრაში.

ბრძანების შემდეგ საგრანტო დაფინანსება შეაჩერეს გარემოს დაცვის სააგენტომ და აშშ-ის სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, შინაგან საქმეთა და ურბანული განვითარების დეპარტამენტებმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *