კომპანია “ამირბარის” დამფუძნებლის, ქეთი ამირბარის შეფასებით, სასტუმროებში დემპინგური ფასები დამანგრეველ ეფექტს გამოიღებს, რადგან მომსახურების ხარისხი ძალიან დაცემულია.
საქმე ისაა, რომ სასტუმრო ბიზნესი სექტორში ფასების მკვეთრ კლებაზე საუბრობს. BMG-სთან კომპანიების ნაწილი აღნიშნავს, რომ სექტორში ვითარება არასახარბიელოა, დაბალ ფასებზე მომუშავე სასტუმროები საოპერაციო ხარჯსაც ვერ ფარავენ, რის შედეგადაც გასაყიდი სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა. ტურისტული კომპანიები კი არა ხარისხს, არამედ დაბალ ფასს ეძებენ.
ქეთი ამირბარმა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე BMG-სთან საუბრისას თქვა, რომ საკითხი ასე მწვავედ პირველად დადგა. ის პრობლემას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ქვეყანაში ევროპელი ტურისტები შემცირებულია და აზიიდან ძირითადად დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოდიან, რომლებიც საკუთარ, შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ სასტუმროებს.
“ეს [დემპინგური ფასები] ადრეც პრობლემა იყო, წლების წინ, მუდმივად ხდებოდა, მაგრამ როგორც დღესაა, ამ მასშტაბით არ ყოფილა. 2018 წელს თუ გავიხსენებთ, მაშინ კიდევ იყო ცოტა, მაგრამ შემდეგ დაიწყო გაუმჯობესება. ახლა ეს, ბაზრისთვის ძალიან დიდი დანაკარგია და ამას უფრო სამომავლოდ ვნახავთ იმიტომ, რომ ხარისხი, სამწუხაროდ, ძალიან ეცემა. ვფიქრობ, ამის გამომწვევი მიზეზი უფრო სეგმენტის ცვლაა. სეგმენტი რადგან შეიცვალა, შესაბამისად, ნაკლებმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან. ჩამოდის სეგმენტი, რომელსაც თავისი კონკრეტული ფასი აქვს განსაზღვრული. ჩვენთანაც ასეთი ბევრი ჯავშანი შემოდის. სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი სასტუმროსთვის უარის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ ბევრი ორიენტირებულია გადარჩენაზე და უწევთ მათი მიღება. მაღალი კლასის სასტუმროც კი სტუმრების რაოდენობა ჯერდება ამ დაბალი კლასის ხარჯზე. არაა სასტუმროებისთვის შესაძლებელი, რომ თვითონ შეცვალონ რამე, რადგან სამწუხაროდ, ბაზარზე ფიზიკურად შეწყვეტილია მაღალი კლასის სეგმენტის სტუმრები და შესაბამისი შედეგები მივიღეთ.
აზიური ბაზარი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი ძალიან გააქტიურებულია, ბელორუსი, პოლონეთი, მაგრამ ევროპელი ტურისტები ძალიან ცოტაა. ევროპელი ტურისტის ინტერესები იყო ჩვენთვისაც სასარგებლო, რადგან ფულს ხარჯავდა ისეთ აქტივობებში, რაც თვითონ ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობდა. სამწუხაროდ, ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, ამაში ვერ დაგვეხმარება და ვერ განავითარებს კონკრეტულ სექტორებს, რომლებიც ტურისტს და მასპინძლობას აქვს მიბმული. გადარჩენა, სეზონის გადავლა შეგვიძლია, თუმცა ეს ის არაა, რასაც ველოდით”,- ამბობს ქეთი ამირბარი.
მისივე თქმით, გამოსავალი შესაძლოა რეგულაციები იყოს, რომელიც უშუალოდ სექტორისგან შეჯერდება.
“პირველ რიგში, რაც ჩვენს სექტორს ბევრი წელია სჭირდება – რეგულაციები, რომელიც შეჯერებული იქნება უშუალოდ ბაზრის მონაწილეების მხრიდან და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. ესაა უმთავრესი, რომელიც რაღაც სტრუქტურას დაგვისახავს. თუნდაც ვარსკვლავებს როცა ვახსენებთ, როდესაც ჩვენთან არ არსებობს კლასიფიკაციის სისტემა, მაშინ მოდი სხვა ისეთ რამეზე შევჯერდეთ, რაც ბაზარს დაარეგულირებს და ფასებიც შესაბამისად გადანაწილდება. ალბათ, ეს იქნება პირველი წინაპირობა. აუცილებელია მაღალი კლასის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების და ქართული სასტუმროების ჩართულობა და მოლაპარაკების დონემდე გასვლა. როდესაც მაგალითად ტენდერია გამოცხადებული, ქართული ბრენდისთვის ძალიან ძნელია საერთაშორისო ბრენდებს კონკურენცია გაუწიოს, შესაბამისად მათ უნდა ჰქონდათ რაღაც საერთო, მოლაპარაკება ან შეთანხმება, რომელიც ერთ პოზიციამდე ჩააყენებს”, – განაცხადა ქეთი ამირბარმა.