ზედა პალატის სენატორებმა ქვედა პალატის მიერ გასულ წელს წარდგენილ დოკუმენტს მხარი თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს. კანონპროექტის მიზანია ტექსტილის ინდუსტრიის გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს.
საქმე ისაა, რომ ექსპერტების შეფასებით, სწრაფი მოდის ქსელების მიერ წარმოებული იაფ ფასიანი სამოსი ჭარბ მოხმარებასა და ნარჩენების წარმოქმნას იწვევს, რის ხარჯზეც გარემოზე მოდის ინდუსტრიის გავლენა სულ უფრო იზრდება.
განახლებული კანონპროექტი, რომელიც სენატმა მიიღო, “ულტრა” და “კლასიკურ” სწრაფ მოდას ერთმანეთისგან განასხვავებს. ამასთან, ის გაცილებით ნაკლებ შეზღუდვას უწესებს ისეთ ევროპულ ბრენდებს, როგორიც, მაგალითად, Zara-ა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბრენდებიც არანაკლებ კრიტიკას იმსახურებენ.
როგორც სენატის რეგიონული დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სენატის მიერ განსაზღვრული კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა, კანონით დარეგულირდნენ მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც “აიგნორებენ გარემოს დაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობებს”, როგორც, მაგალითად, Shein და Temu, ევროპული მზა მოდის სექტორის დაჯარიმების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ძალიან დაბალფასიანი პროდუქტებისთვის კონკურენციის გაწევა ზოგიერთ ფრანგულ ბრენდს უჭირს.
კენჭის ყრის საპასუხოდ Shein-ა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ Shein სწრაფი მოდის კომპანია არ არის და “პრობლემის ნაცვლად, რეალურად, მისი გადაჭრის გზაა”.
კანონის თანახმად, დაჯარიმებას დაექვემდებარებიან ულტრა სწრაფი და სწრაფი მოდის კომპანიები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებენ. ჯარიმის ოდენობა კი ტანსაცმლის თითო ერთეულზე 10 ევროთი ან პროდუქტის ღირებულების 50%-ით განისაზღვრება.
იმისთვის, რომ კანონი ამოქმედდეს საფრანგეთმა ჯერ ევროპულ კომისიას უნდა მიმართოს, შემდეგ კი გაერთიანებული კომიტეტის სხდომა უნდა მოიწვიოს, სადაც ზედა და ქვედა პალატა კანონის ვერსიაზე შეთანხმდებიან.