“საქართველოს ბანკმა” რუსი კლიენტებისთვის 300 ევროზე მეტი ღირებულების ფუფუნების ნივთების შეძენა აკრძალა — ამის შესახებ რუსული მედია RBK იუწყება. “საქართველოს ბანკის” განცხადებით ეს არ არის მხოლოდ ბანკის ინიციატივა, არამედ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის დაწესებული სანქციების რეგულირებაა. RBK ინფორმაციით, მომხმარებლის საინფორმაციო ბიულეტენის ტექსტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ მაღალი კლასის უცხოურ საცალო ვაჭრობის ობიექტში, “საქართველოს ბანკის” ბარათებით 300 ევროს, აშშ დოლარს ან ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხის გადახდისას, “გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეზიდენტობის შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი ბანკს უნდა დაუკავშირდეს. გადახდის სისტემები MCC კოდით ხედავენ, თუ რომელ მაღაზიაში განახორციელა პირმა ტრანზაქცია. ეს იდენტიფიკატორები მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებისთვის ერთნაირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის ბარათის შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მომხმარებელი Visa-ს ან Mastercard-ის საშუალებით გადახდას ეცდება. შეზღუდვები 21 მაისიდან ამოქმედდება. ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების მიწოდება. ასეთი საქონლის რუსეთში ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის გაყიდვა ან “რუსეთში გამოსაყენებლად” აკრძალულია. RBK-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს არ აქვთ ინფორმაცია მსგავსი ზომების მიღება სხვა ბანკებმა დაიწყეს თუ არა. ექსპერტების მოსაზრებები ამ პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობის შესახებ ორად გაიყო: ზოგი თვლის, რომ გადახდის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს იმ ბანკებსა და ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკვე გაამკაცრეს მოთხოვნები რუსეთიდან ჩამოსული კლიენტებისთვის, ზოგი კი ამბობს, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის ეს ტენდენციად იქცევა.
“საქართველოს ბანკმა” რუს მომხმარებლებს ფუფუნების ნივთების შეძენაზე შეზღუდვა დაუწესა
