საქართველოს მომხმარებელთა დაცვის სააგენტო 2026/2027 წლებში ICPEN-ს უხელმძღვანელებს

საქართველოს მომხმარებელთა დაცვის სააგენტო 2026/2027 წლებში ICPEN-ს უხელმძღვანელებს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) 2026-2027 წლებში უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება, რომელსაც ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ვაშინგტონში 12-16 მაისს მიიღეს.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარებაა“, — განაცხადა GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 2022 წელს მიღებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიები.

GCCA-ს ინფორმაციით, ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში სააგენტო სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს:

  1. თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავებისა და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით.
  2. ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
  3. ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების გაძლიერება გამოცდილ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

პრეზიდენტობის პერიოდში GCCA უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, გლობალური სტანდარტების განმტკიცებას და წევრი ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამისი უწყებები გააჩნიათ. ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან მსოფლიო ბანკი, UNCTAD, OECD და ევროკომისია. GCCA ორგანიზაციის წევრი 2023 წელს გახდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *