საქართველოში დამატებით 9 უქმე დღე უნდა გამოცხადდეს – საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოში დამატებით 9 უქმე დღე უნდა გამოცხადდეს – საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოში დამატებით 9 უქმე დღე უნდა გამოცხადდეს – საკანონმდებლო წინადადება თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტს ზაალ წერეთელს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში 10 აპრილს დარეგისტრირდა.

მოქალაქის ინიციატივა თუ კანონად იქცა, საქართველოში, რომელიც ევროპაში დასვენების დღეების რაოდენობით ისედაც პირველ ადგილზეა, შემდეგი უქმე დღეები დაწესდება:

  1. ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი;
  2. ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი;
  3. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა – 4 დეკემბერი;
  4. მირქმა – 15 თებერვალი;
  5. ხარება – 7 აპრილი;
  6. ამაღლება – აღდგომიდან მეორმოცე დღეს;
  7. ფერისცვალება – 19 აგვისტო;
  8. ნინოობა – 27 იანვარი;
  9. ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი.

„სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.

თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი – მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა.

შესაბამისად, თუ ეს საზეიმო თარიღები, სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურება თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება”, – სწერს წერეთელი საკანონმდებლო ორგანოს.

ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო თუ რელიგიური დღესასწაულები კანონებით რეგულირდება და უქმეებადაა გამოცხადებული. ამ დღეებში სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სექტორის დიდი ნაწილი არ მუშაობს, მათ შორის – ბანკებიც.

საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია.

გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს.

ცნობისთვის,ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით. გამოდის, რომ გასულ წელს დამატებული 1 უქმე დღის [“ოჯახის სიწმინდის დღის] შედეგად, საქართველო თანალიდერია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *