საქართველოს სოფლის მეურნეობის 2024 წლის სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, წლიური მოხმარება მთლიანობაში 960 ათას ტონას აჭარბებს, საიდანაც იმპორტირებული ხორბალი და ფქვილი დომინანტური წყაროა. ქვეყანაში შიდა წარმოება მხოლოდ 212 ათასი ტონაა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი, თუმცა 2021 წლიდან არ შეცვლილა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი და ის 22%-ია. ხოლო 2020 წელს 15% იყო.
ხორბლის ძირითადი მოსავალი კვლავ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში მოდის. საშუალო მოსავლიანობა 2024 წელს 2.9 ტონა/ჰექტარი იყო, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2.6 ტონა იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ხორბლისა და მესლინის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანამ წლიურად 32%-ით მეტი, 76.2 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. იმპორტმა 326 505 ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 47%-იან ზრდას წარმოადგენს. მატება უმთავრესი მომწოდებლის – რუსეთის გაზრდილ მონაცემებს უკავშირდება, რომელზეც საქართველო ხორბლის იმპორტში თითქმის სრულადაა დამოკიდებული.
გასული წლის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 49%-ით გაიზარდა და მასზე მთლიანი იმპორტის 99.5% მოდიოდა. მეორე ადგილზე კი ყაზახეთია, იმპორტში 0.5%-იანი წილით.
რაც შეეხება ფქვილს, გასულ წელს საქართველოში 70 866 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც წლიურად 48%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფქვილის იმპორტის ღირებულებამ კი 18.5 მლნ დოლარამდე იკლო – წლიურად 50%-ით. მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც რუსეთია და მასზე ფქვილის მთლიანი იმპორტის 96% მოდის.